საქართველოს პრეზიდენტმა სახელმწიფო პრემიების გაცემის წესი დაამტკიცა

საქართველოს სახელმწიფო პრემიების გაცემის მიზნით კონკურსის ჩატარების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ პრეზიდენტმა ბრძანებულება გამოსცა.

სალომე ზურაბიშვილმა, გიორგი მარგველაშვილის მიერ 2018 წლის 23 მარტს გამოცემული ბრძანებულება შოთა რუსთაველის სახელობის, ვაჟა-ფშაველას სახელობისა და საქართველოს ეროვნული პრემიების გაცემის მიზნით კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ გააუქმა და ახალი ბრძანებულება გამოსცა.

საკანონმდებლო მაცნეში დღეს 18 იანვარს გამოქვეყნებულ დოკუმენტში აღნიშნულია რომ „შოთა რუსთაველის სახელობის პრემია გაიცემა სამ წელიწადში ერთხელ, არაუმეტეს ხუთისა, თითოეული 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით.

შოთა რუსთაველის სახელობის პრემია პირს ენიჭება ლიტერატურის, მუსიკის, კინოხელოვნების, თეატრალური ხელოვნების, სახვითი ხელოვნების ან არქიტექტურის დარგში შექმნილი უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებისთვის, რომლის მხატვრულმა ღირსებებმა საერთო ეროვნული აღიარება მოიპოვა და განმსჭვალულია პატრიოტიზმის, თავისუფლებისა და ჰუმანიზმის ზოგადსაკაცობრიო იდეალებით.

პირს, რომელსაც მიენიჭება შოთა რუსთაველის სახელობის პრემია, გადაეცემა პრემიის ლაურეატის დიპლომი, სამკერდე ნიშანი და შესაბამისი ფულადი გასაცემელი“.

რაც შეეხება ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიას – „გაიცემა ორ წელიწადში ერთხელ, არაუმეტეს ერთისა, 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით. ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია პირს ენიჭება ლიტერატურის დარგში (პროზა, პოეზია, პუბლიცისტიკა) უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებ(ებ)ისათვის, რომელიც მხატვრულ ღირსებათა გამო საერთო ეროვნულ აღიარებას მოიპოვებს და განმსჭვალულია თავისუფლების, ჰუმანიზმისა და პატრიოტიზმის ზოგადსაკაცობრიო იდეალებით.

პირს, რომელსაც მიენიჭება ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია, გადაეცემა პრემიის ლაურეატის დიპლომი, სამკერდე ნიშანი და შესაბამისი ფულადი გასაცემელი“.

საქართველოს ეროვნული პრემიის მინიჭების პირობები კი ბრძანებულებაში ასე განისაზღვრა: „საქართველოს ეროვნული პრემია გაიცემა ყოველწლიურად, არაუმეტეს ორისა, თითოეული 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით. საქართველოს ეროვნული პრემია პირს ენიჭება საბუნებისმეტყველო, ჰუმანიტარული, სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური, იურიდიული, სამედიცინო, სიცოცხლის შემსწავლელი ან საინჟინრო მეცნიერების დარგში მაღალ მეცნიერულ დონეზე შესრულებული ნაშრომისა ან ნაშრომთა ციკლისთვის, რომელმაც საყოველთაო აღიარება მოიპოვა და განსაკუთრებული წვლილი შეიტანა არა მარტო ქართული მეცნიერების, არამედ მსოფლიოს სულიერ, სოციალურ და/ან ეკონომიკურ განვითარებაში.

პირს, რომელსაც მიენიჭება საქართველოს ეროვნული პრემია, გადაეცემა პრემიის ლაურეატის დიპლომი, სამკერდე ნიშანი და შესაბამისი ფულადი გასაცემელი“.

პრემიის მინიჭების ღონისძიებათა უზრუნველყოფის, კონკურსის გამოცხადების, განაცხადების მიღებისა და განხილვის, პრემიის ლაურეატთა გამოვლენის მიზნით შეიქმნება ცხრაწევრიანი კომისია, რომელსაც პრეზიდენტი დაამტკიცებს.

სალომე ზურაბიშვილის ბრძანებულება საქართველოს სახელმწიფო პრემიების გაცემის მიზნით კონკურსის ჩატარების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ დღეს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ ბატიაშვილი – ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტსა და მოჭიდავეებს შორის დაპირისპირებაზე გამოძიება მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირები საქართველოს მოქალაქეობის დადგენას უფასოდ შეძლებენ