„რადიკალურ ოპოზიციას, სალომე ზურაბიშვილს აქვთ სრული კოორდინაცია. საოცარი განცხადება გააკეთა მან გუშინ, რადიკალურ ოპოზიციას, კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ უთხრა, უფრო ძლიერი სურათისთვის მე მარტო დავრჩები აქ და თქვენ გარეთ გადითო. ერთად დგამენ „კარწინკას,“ – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
მისი თქმით, კიდევ ერთხელ დადასტურდა ის, რომ სალომე ზურაბიშვილი სწორედ „ნაცმოძრაობის“ იმედით არღვევდა საქართველოს კონსტიტუციას და მათ აქვთ სრული კოორდინაცია.
„სალომე ზურაბიშვილი დავიდა „ნაცმოძრაობამდე“. მან საქართველოს პრეზიდენტის სტატუსი გაცვალა „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტობის სტატუსზე, რაც უბრალოდ, სამარცხვინო ქმედებაა. მოვუწოდებ მას, თავს ნუ ისაწყლებს მათ შორის მარტო ჯდომით და ამ სცენარებით, ძალიან კარგად იცის, რომ მისი გადაყენების პერსპექტივა პრაქტიკულად არის თითქმის ნულის ტოლი, მან ხომ თავიდანვე „ნაცმოძრაობის“ იმედით დაარღვია კონსტიტუცია და „ნაცმოძრაობა“ ბუნებრივია, მხარს არ დაუჭერს მის იმპიჩმენტს. შეგახსენებთ, რომ ეს არის ის პოლიტიკური პარტია, რომელიც სალომე ზურაბიშვილს თავის დროზე უწოდებდა აგენტს, რეზიდენტს, მოღალატეს. ეს ხომ ის სტატუსია, რომელიც არ იცვლება? გამოდის, რომ ან ატყუებდნენ 2 მილიონ ამომრჩეველს თავის დროზე, როცა ასე მოიხსენიებდნენ სალომე ზურაბიშვილს, ან დღეს სხვა რამეს იტყუებიან. ერთიც და მეორეც სათაკილო ამბავია და „ნაცმოძრაობას“ ძალიან სწორად ახასიათებს ეს ყველაფერი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.