საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის ხელშეწყობით, კონკურსი „ჟურნალისტები კონსტიტუციაზე“ გამოცხადდა. პროექტი საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მედიასაშუალებებში გავრცელებული ჟურნალისტური ნაშრომების კონკურსს ითვალისწინებს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 5 წევრისგან შემდგარი ჟიური 2017 წელს გამოქვეყნებული მასალებიდან საუკეთესოებს გამოავლენს (I და II ადგილები) შემდეგ ნომინაციებში: საუკეთესო სატელევიზიო სიუჟეტი, საუკეთესო რადიო სიუჟეტი, საუკეთესო ელექტრონული ნაშრომი, საუკეთესო საგაზეთო ნაშრომი.
ჟიურისთვის წინასწარ განსაზღვრული ძირითადი კრიტერიუმებია: საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხის სიღრმისეულად გაშუქება; საკითხის ობიექტურად გაშუქება, გადმოცემის სიმარტივე, საკითხზე ჟურნალისტის კომპეტენტურობა.
ჟურნალისტებმა საკონკურსო ნამუშევრები უნდა გააგზავნონ 18 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით ელექტრონულ ფოსტაზე: instituteeari@gmail.com
ჟიურის შემადგენლობა: თამარ ჩიქოვანი, ზვიად ქორიძე, ლუბა ელიაშვილი, კონსტანტინე ჩოკორაია, ლევან ალაფიშვილი