საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი საქართველოს კონსტიტუცია გამოსცა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი საქართველოს კონსტიტუცია გამოსცა, რომელიც საჩუქრად საქართველოს უსინათლოთა კავშირს გადაეცემა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

„4 იანვარს ბრაილის შრიფტის მსოფლიო დღე აღინიშნება. ამასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებში, სიმონ პეტრიდისმა საქართველოს უსინათლოთა კავშირის ხელმძღვანელ პირებთან პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ონლაინშეხვედრა გამართა.

„ბრაილის შრიფტით საქართველოს კონსტიტუციის გამოცემა იმ პოლიტიკის გაგრძელებაა, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი შშმ პირთა უფლებების დაცვისა და მათ საჭიროებებზე ზრუნვასთან დაკავშირებით ატარებს. დღეს ჩვენთვის სასიამოვნო იყო ის ფაქტიც, რომ უსინათლოთა კავშირის ხელმძღვანელებთან ერთად გავიარეთ ყველა ის პრობლემური საკითხი, რაც მათ აწუხებთ და დავსახეთ შესაბამისი აქტივობები“, – განაცხადა სიმონ პეტრიდისმა.

იმის გათვალისწინებით, რომ ადმინისტრაცია აქტიურადაა ჩართული შშმ პირებთან დაკავშირებული საკითხების მოგვარების ხელშეწყობასა და მხარდაჭერაში, მსგავსი თემატური განხილვები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მთელი წლის განმავლობაში გაიმართება“,- აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშითამაზ ხუბუა: რუსულ ნეოიმპერიულ ვნებებს გაერთიანებული ძალისხმევა უნდა დაუპირისპირდეს!
შემდეგი სტატიაპენიტენციური უწყება გიორგი ჯანაშიას გათავისუფლების შესახებ განმატებას აკეთებს