საქართველოს პრეზიდენტი უსახელო მწვერვალზე ავიდა

საქართველოს პრეზიდენტმა 79 წლის მწვრთნელთან ლევ სარქისოვთან ერთად ექსპედიციაში მიიღო მონაწილეობა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილი ექსპედიციის მონაწილეებთან ერთად ყაზბეგში, გუდაურის მახლობლად უსახელო მწვერვალზე ავიდა და ახალი მარშრუტი შეადგინა.

უსახელო მწვერვალს საქართველოს კონსტიტუციის სახელი მიენიჭება. მისი სიმაღლე 3170 მეტრია. მთაში გასვლა საქართველოს კონსტიტუციის დღესადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში იგეგმებოდა, თუმცა, ბორჯომის ხანძრის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საზეიმო ღონისძიებებთან ერთად აღნიშნული აქტივობაც გადაიდო.

„ჩვენი მიზანი იყო, რომ ამ მწვერვალის სახელდება ყოფილიყო დაკავშირებული ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანთან, საქართველოს კონსტიტუციასთან, რომელიც უნდა იყოს ყველას იარაღი, ყველას მიერ გამოყენებული წიგნი. ამიტომ შეირჩა არა განსაკუთრებულად რთული მწვერვალი, არამედ მარტივი, რომელსაც აქვს თავის საოცარი სილამაზე, იქით ჩანს მყინვარწვერი, იშლება არაჩვეულებრივი პანორამა. სახელს დავარქმევთ საქართველოს კონსტიტუციას და იმედი მაქვს, რომ ბევრი ალპინისტი, ტურიუსტი თუ სპორტული ადამიანი, რომელსაც სამთო გამყოლი ეყოლება აქ ამოვა“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

საქართველოს პრეზიდენტთან ერთად ექსპედიციაში იმყოფებოდნენ ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი და საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე.

“79 წლის ინსტრუქტორი ლევ სარქისოვი არაერთი ქართველი ალპინისტის მასწავლებელია, მათ შორის, საქართველოს პრეზიდენტისა და ეროვნული უშიშრობეის საბჭოს მდივნის დავით რაქვიაშვილის მწვრთნელი იყო.
ლაშქორაბში პრეზიდენტთან და ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად სათავგადასავლო ტურიზმის სკოლის სამთო გამყოლებიც იმყოფებოდნენ”,-ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიცესკო-ს განცხადების საფუძველზე გამოძიება მუქარის მუხლით დაიწყო
შემდეგი სტატიასოხუმში სახლებიდან ავეჯს ისვრიან