საქართველოს პრეზიდენტი პარიზში, „პარტნიორობა ღია მმართველობის მეოთხე გლობალური სამიტის’ მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სამუშაო ვიზიტით საფრანგეთს ეწვევა და „პარტნიორობა ღია მმართველობის მეოთხე გლობალური სამიტის” მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას, რომლის თანათავმჯდომარეც საქართველოა. 2017 წლიდან კი, საქართველო OGP -ის თავმჯდომარე ქვეყანა ხდება და სამიტი მომავალ წელს თბილისში ჩატარდება.

საქართველოს პრეზინდეტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამიტში, რომელიც 7-9 დეკემბერს პარიზში გაიმართება, 70 ქვეყნის 3000 წარმომადგენელი მონაწილეობს.

„ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) სამიტზე“ საქართველოს პრეზიდენტი სიტყვით გამოვა. გიორგი მარგველაშვილი სამიტის მონაწილე პარტნიორებს მიმართავს და ღია მმართველობის განსახორციელებლად საქართველოს მიერ მიღწეულ შედეგებზე ისაუბრებს.

საფრანგეთის დედაქალაქში, სახელმწიფოების მეთაურები, მთავრობების წარმომადგენლები, საჯარო მოხელეები, პარლამენტის წევრები, ადგილობრივი ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, მკვლევარები და ჟურნალისტები გლობალური გამოწვევების ფონზე „ღია მმართველობის დღის წესრიგთან“ დაკავშირებით, გამოცდილების გასაზიარებლად შეიკრიბებიან.

საქართველოდან „ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) სამიტს” აღმასრულებელი, საკანონმდებლო, დედაქალაქის თვითმმართველობის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები დაესწრებიან.

სამიტის მონაწილეები განიხილავენ გამჭვირვალობის, ანტიკორუფციულ და კლიმატის საკითხებს და ასევე, მდგრადი განვითარების, ციფრული და სამოქალაქო ტექნოლოგიების, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის და ღია მმართველობის დანერგვის საკითხებს.

სამიტის მონაწილეები 300-ზე მეტ პანელზე და სემინარზე გაცვლიან გამოცდილებას და მოაწყობენ ღია მმართველობის იმ შემთხვევების პრეზენტაციებს, რომლებმაც მოქალაქეთა ცხოვრებაზე დადებითი გავლენა იქონია.

გიორგი მარგველაშვილი საფრანგეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს გამართავს სხვადასხვა ქვეყნების ლიდერებთან და საერთაშორისო, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან. მათ შორის, შეხვდება საფრანგეთის რესპუბლიკის პარლამენტის ასამბლეის თავმჯდომარეს კლოდ ბარტოლონეს, ეწვევა საფრანგეთის აღმოსავლურ ენათა და კულტურათა ეროვნულ ინსტიტუტს და ქართული ენის კათედრაზე სტუდენტებს შეხვდება.

banner
წინა სტატიაშიქვეყნის მასშტაბით, საგადასახადო სამართალდარღვევის 776 ფაქტი გამოვლინდა
შემდეგი სტატიასაგარეჯოში ავტოავარიის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა