საქართველოს პრეზიდენტი ილჰამ ალიევს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, აზერბაიჯანის დედაქალაქში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა.

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ხანგრძლივი თანამშრომლობის საკითხების გაღრმავებაზე ისაუბრეს. შეხვედრისას აღინიშნა, რომ წელს საქართველო-აზერბაიჯანს შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებიდან 25 წელი შესრულდება.

მხარეებმა ენერგოუსაფრთხოებასთან დაკავშირებული ორმხრივი პროექტებიც განიხილეს.

გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ ღრმად ვართ დაინტერესებული ენერგეტიკის სფეროში ურთიერთობის შემდგომი განვითარებით. საქართველო წარმოადგენს, როგორც აზერბაიჯანული ენერგორესურსების მომხმარებელს, ასევვე საიმედო გამტარს.

საუბარი შეეხო „სამხრეთ გაზის დერეფნის“ პროექტის განხორციელებას. რომელიც, როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა საკვანძო როლს ასრულებს უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში, როგორც რეგიონში, ისე მთელ ევროპაში.

ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა ყურადღება ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ მჭიდრო სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებზეც გაამახვილეს.

საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების პოტენციალი ჯერ კიდევ სრულად არ არის ათვისებული და არსებობს ტვირთბრუნვის მრავალმხრივად გაზრდის შესაძლებლობა.

საუბარი შეეხო ტურიზმისა და კულტურის სფეროებში თანამშრომლობის წარმატებულ და ნაყოფიერ განვითარებასაც.

ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა უსაფრთხოების გარემო განიხილეს.

გიორგი მარგველაშვილმა აზერბაიჯანელ კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის, ასევე გაეროს რეზოლუციის ყოველწლიური მხარდაჭერისთვის, აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილთა სტატუსთან დაკავშირებით.

პრეზიდენტებმა აღნიშნეს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის საკითხები, საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვით უნდა გადაიჭრას.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრის დასასრულს აღნიშნა, ჩვენს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებასა და გამყარებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ჩვენი სახელმწიფოების სრულფასოვანი განვითარებისა და გლობალური მნიშვნელობის სატრანსპორტო-ენერგეტიკული პროექტების განხორციელებისათვის.

banner
წინა სტატიაშიდეკანოზ გიორგი მამალაძის სკოლის დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების პროცესში განათლების სამინისტრო ჩართული არ არის
შემდეგი სტატიაევროკავშირი კიევისგან დონბასის ბლოკადის გამო ახსნა-განმარტებებს ითხოვს