პროცესის მოტივაცია პრეზიდენტთან დაკავშირებული შეხედულებებია – მარგველაშვილი საკონსტიტუციო ცვლილებებზე საუბრობს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, კონსტიტუციაში დაგეგმილ იმ ცვლილებებს ეხმაურება, რომელიც პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას ეხება. გიორგი მარგველაშვილი ამბობს, რომ მმართველი გუნდი ახორციელებს კონსტიტუციის არა სიღრმისეულ გადახედვას, არამედ ცვლილებებს კონსტიტუციაში ერთი კონკრეტული პოლიტიკოსის – პრეზიდენტის გამო ატარებს.

პრეზიდენტის თქმით, ხელისუფლების ამოცანა, რომ პრეზიდენტის არჩევის წესი წაერთვათ საზოგადოებისთვის, მოსახლეობის აქტიურობის შედეგად ვერ შესრულდა.

„ნათლად დაფიქსირდა, რომ საკონსტიტუციო კომისიაში არა კონსტიტუციის სიღრმისეულ გადახედვასთან გვაქვს საქმე, არამედ საუბარია კონკრეტული პოლიტიკოსის, კონკრეტულ პოლიტიკოსთან დაკავშირებული გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

“როდესაც საუბარია იმაზე, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული კონკრეტულად ერთი პოლიტიკოსის, კონკრეტულად მოქმედი პრეზიდენტიდან გამომდინარე, ეს ნათლად აჩვენებს, რომ მოტივაცია პროცესისა არის არა კონსტიტუციის შინაარსობრივი გადახედვა, არამედ ამ კონკრეტულ პოლიტიკოსთან დაკავშირებული შეხედულებები. მაგრამ, მოდით გავიხსენოთ ჩემი პოზიცია საკონსტიტუციო კომისიასთან დაკავშირებით.

“მე არასდროს არ შევსულვარ დეტალებში ამა თუ იმ შეხედულების განხილვის, არამედ სულ ორი პოზიცია დავაფიქსირე, ქართველ ხალხს არ უნდა წაერთვას პრეზიდენტის არჩევის უფლება და მეორე კონსტიტუციის გადახედვის პროცესში ქართველ ხალხს უნდა მიეცეს შესაძლებლობა თავისი პოზიციის დაფიქსირებისა, არა მარტო პრეზიდენტთან დაკავშირებით, არამედ მთლიანად საზოგადოდ იმ დოკუმენტთან დაკავშირებით, რომელიც არის ჩვენი თანაცხოვრების დოკუმენტი.

“მე მინდა მადლობა ვუთხრა საზოგადოებას, იმიტომ, რომ პირველი მიზანი, რომ პრეზიდენტის არჩევის წესი წაერთვათ ხალხისაგან, ეს მიზანი არ იქნა მიღწეული და თქვენ საზოგადოების აქტიურობით დაიცავით როგორც ეს ინსტიტუტი, ასევე თქვენი უფლება აირჩიოთ ქვეყნის პრეზიდენტი. ეს არის ის ბრძოლა, რომელიც ქართულმა საზოგადოებამ თავის ინტერესებიდან გამომდინარე მოიგო,“ – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, შესაძლოა ქვეყანა პრეზიდენტის ორსაფეხურიანი სისტემით არაპირდაპირი არჩევის წესზე გადავიდეს.

https://youtu.be/dpHckhGIiLY

banner
წინა სტატიაშიკონსტანტინე გამსახურდია: ესეც პუტინის რუსეთის ტიპის რეიდერული ნაბიჯი
შემდეგი სტატია„თქვენ როგორ შეიძლება იყოთ დამოუკიდებლობის სიმბოლო. ეს ხომ ცინიზმია”- ქუცნაშვილი რ2-ს