გიორგი მარგველაშვილი აშშ-ში გაემგზავრა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ბრიუსელში ვიზიტის დასრულების შემდეგ, სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა.

ვაშინგტონში, საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის მთავრი ამოცანა საქართველოს უსაფრთხოების მიმართ აშშ-ს ხელისუფლების წარმომადგენლების მხარდაჭერის გამყარება და საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობაა.

დაგეგმილია გიორგი მარგველაშვილის შეხვედრები ამერიკელ სენატორებთან და კონგრესმენებთან, მათ შორის აშშ-ის პარლამენტის სპიკერთან პოლ რაიანთან, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის დემოკრატების ლიდერთან კონგრესმენ ნენსი პელოსისთან და აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის უმრავლესობის ლიდერთან კონგრესმენ კევინ მაკკარტისთან.

ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტად მყოფი საქართველოს პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს კონგრესში გამართულ კონფერენციაში “აშშ-საქართველოს პარტნიორობა”, რომელიც ატლანტიკური საბჭოს მხარდაჭერით იმართება. პრეზიდენტი ასევე საჯარო ლექციას წაიკითხავს ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში და სამუშაო სადილზე შეხვდება ატლანტიკური საბჭოს, NDI -ისა და IRI- ის ხელმძღვანელობას, მონაწილეობას მიიღებს ასევე, ჰადსონის ინსტიტუტში, მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ დისკუსიაში და სიტყვით გამოვა ფონდში Heritage. ვაშინგტონში გიორგი მარგველაშვილი აშშ-ში საქართველოს სათვისტომოს წარმომადგენლებს შეხვდება. აშშ-ის კაპიტოლიუმში კი, საქართველოს პრეზიდენტის პატივსაცემად მიღება გაიმართება.

საქართველოს პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტში მონაწილეობას მიიღებენ დელეგაციის წევრები: საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე, საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი და საქართველოს ელჩი აშშ-ში დავით ბაქრაძე.

საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი აშშ-ში 16 მარტს დასრულდება.

banner
წინა სტატიაშიკომპანია ”სვეტს” შეცდომების გამსოწორების შემთხვევაში მიეცემა შესაძლებლობა, ჩვეულებრივ რეჟიმში გააგრძელოს მუშაობა – კალაძე
შემდეგი სტატიაახალგაზრდა კაცის მკვლელობის მოტივად შურისძიება სახელდება