საქართველოს პრემიერსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბრისას გიორგი გახარიამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ევროკავშირის მიერ, პანდემიასთან გამკლავების მიზნით, საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარებისათვის მადლობა გადაუხადა.

„ყურადღება გამახვილდა ეკონომიკურ თანამშრომლობაზე. მხარეებმა აღნიშნეს, რომ მნიშვნელოვანია, როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ისე საქართველოს ეკონომიკა სწრაფად დაუბრუნდეს პანდემიამდე არსებულ ნიშნულს. ამ კუთხით საქართველო და ევროკავშირი აქტიურ თანამშრომლობას განაგრძობენ. გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ დასავლელი პარტნიორებისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხარდაჭერით, საქართველოს ხელისუფლება ინტენსიურად მუშაობს ქვეყნის ეკონომიკის ხელახლა ამუშავებისა და ეკონომიკაზე პანდემიით გამოწვეული უარყოფითი შედეგების მინიმიზაციისთვის“, – აღნიშნულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებზე და აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალ სამიტზე. ხაზი გაესვა სამიტის მიმდინარე წელს ჩატარების მნიშვნელობას და ორმხრივი მჭიდრო კომუნიკაციის გაგრძელების აუცილებლობას, რათა დაისახოს კონკრეტული ამოცანები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ევროპული ინტეგრაციის თვალსაზრისით. აღინიშნა, რომ საქართველოს აქვს კარგი საფუძველი ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების, ასევე ვიზალიბერალიზაციის სახით, ინტეგრაციის პროცესში შემდგომი ორმხრივი ნაბიჯების გადასადგმელად.

საუბარი ასევე შეეხო შავი ზღვის როლსა და მნიშვნელობას საქართველოსა და ევროკავშირს შორის სატრანსპორტო და საკომუნიკაციო კავშირების გააქტიურების კუთხით.

„სატელეფონო საუბრისას ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით შექმნილ მძიმე ვითარებას. აღინიშნა, რომ რუსეთის ფედერაცია აგრძელებს საოკუპაციო ხაზზე ხელოვნური ბარიერების აღმართვას მაშინაც კი, როდესაც მთელი მსოფლიო გლობალურ პანდემიას ებრძვის, რაც საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და სტაბილურობას აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში. გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა ამ კუთხით ევროკავშირის ქმედითი ჩართულობის მნიშვნელობას“, – ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დაადასტურეს მზადყოფნა, ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგის ყველა ძირითადი მიმართულება პირისპირ შეხვედრაზე განიხილონ, რომელიც, მსოფლიო პანდემიის დასრულების შემდეგ, ბრიუსელში გაიმართება.

banner
წინა სტატიაშიზურაბ ჭიაბერაშვილი : ეპიდემიასთან ბრძოლაში ჩართულმა მედპერსონალმა დანამატები უნდა მიიღოს
შემდეგი სტატიაგორის სამხედრო ჰოსპიტლის COVID ინფიცირებული ექთნის შვილი ბოჭორიშვილის კლინიკაში გადაიყვანეს