საქართველოს პრემიერმინისტრს, გიორგი გახარიას, კრიტიკულ წერილს აშშ-ის კონგრესის კიდევ ერთი წევრი, ბრაიან ბაბინი უგზავნის

საქართველოს პრემიერმინისტრს, გიორგი გახარიას, კრიტიკულ წერილს აშშ-ის კონგრესის კიდევ ერთი წევრი, ბრაიან ბაბინი უგზავნის.

წერილი, რომლითაც კონგრესმენი შეშფოთებას გამოხატავს დემოკრატიის უკუსვლასა და ეკონომიკური განვითარების გაუარესებასთან დაკავშირებით, ბაბინმა ტვიტერზე გამოაქვეყნა.

“როგორც კონგრესის წევრს, მსურს, შევუერთდე მზარდ შეშფოთებას საქართველოს დემოკრატიის მზარდ და განგრძობად უკუსვლასთან და ეკონომიკური განვითარების გაუარესებასთან დაკავშირებით.

ამიტომ, მე ვუერთდები ჩემს კოლეგებს კონგრესიდან, რომლებიც წარმოადგენენ საქართველოს კომიტეტს, თანათავმჯდომარეებს ადამ კინზინგერს და ჯერი კოლონის იმ წერილის შინაარსში, რომლებიც მათ 2019 წლის 13 დეკემბერს გამოგიგზავნეს და რომელშიც გამოხატული იყო შეშფოთება შეპირებული დემოკრატიული რეფორმების შეჩერების, ასევე მშვიდობიანი საპროტესტო აქციების დროს ძალადობის გამო.

მეტიც, მე ასევე ვუერთდები ჩემს კოლეგას, კონგრესმენ მარკ უეინ მალინს და მის მესიჯს, რომელიც 2020 წლის 13 იანვრის წერილით გადმოგცათ.

როგორც იცით, საქართველოს დამოუკიდებლობიდან, 1991 წლიდან, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს მხარს უჭერს. გასულ წელს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო “საქართველოს მხარდამჭერი აქტი”, რომელსაც ახლა სენატი განიხილავს. ყველაზე თვალსაჩინო პრინციპი, რომელიც მასში განსაკუთრებით ხაზგასმულია, შემდეგია:

“აშშ-ის პოლიტიკაა:

მხარი დაუჭიროს დემოკრატიული ღირებულებების განვითარებას საქართველოში, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების, საჯარო სექტორის გამჭვირვალობას და ანგარიშვალდებულებას, კანონის უზენაესობას და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისთვის გაწეულ ძალისხმევას”.

სწორედ ამ ჩანაწერის სულისკვეთების გამო გწერთ, ვინაიდან საყურადღებოა საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების და თავისუფალი ბაზრის ეკონომიკის ინდიკატორების კუთხით ნეგატიური ტენდენციების ზრდა. სწორედ ეს გახდა კონგრესის წევრების შეშფოთების საფუძველი.

ამისი პირდაპირი შედეგი ის არის, რომ საქართველოში პირდაპირი ინვესტიციები შემცირებულია, ვინაიდან ამერიკელი და ევროპელი ინვესტორები შევიწროების და კონფისკაციის ობიექტები ხდებიან, უწყდებათ კონტრაქტები. ამის გამორჩეული მაგალითი ტეხასური ნავთობის და გაზის კომპანია ფრონტერაა. ასევე, საგანგაშოა იმის ხილვა, რომ სოციალური მედიის ამერიკულმა კომპანიამ, Facebook-მა, ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ გამოავლინა და დახურა ფართო ქსელი, რომელიც მმართველ პარტიასთან იყო დაკავშირებული და ჰქონდა “კოორდინირებული არაავთენტური ქცევა” ოპოზიციური ხედვების წინააღმდეგ, ავრცელებდა ანტი-დასავლურ განწყობებს, განსაკუთრებით აშშ-ის მისამართით.

სწორედ გაუარესებული გარემოს გამო, აშშ-ის პრეზიდენტმა 2019 და 2020 წლებში ერთმანეთის მიყილებით დაამტკიცა კანონპროექტი კონგრესიდან თანხის გამოყოფის შესახებ, რომლებიც კონკრეტულად მიემართება საქართველოს ხელისუფლების მზარდ ანტაგონისტურ ქმედებებს დემოკრატიული ღირებულებების, თავისუფალი ბაზრის პრინციპებისა და ამერიკული ბიზნეს-კომპანიების წინააღმდეგ. საქართველოს უახლეს ისტორიაში პირველად, თქვენი ქვეყანა განიხილება უარყოფით შუქზე და სიფრთხილით აშშ-ს მთავრობისგან გამოყოფილი თანხების კუთხით.

იმ ნეგატიური ტენდენციის გამო, რაც აღვწერე, და სიტუაციის შემობრუნების წახალისების მცდელობის ფონზე, იზრდება მოთხოვნები სანქციების დაწესების და სხვა სასჯელების შესახებ. მე ვუერთდები კონგრესმენების მზარდ რიცხვს, რომლებიც რეფორმებისკენ მოგიწოდებენ წარმომადგენელთა პალატაში “საქართველოს სამართლიანი ბიზნესის პრაქტიკის სანქციების შესახებ კანონის” ინიცირებით.

მე გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საქართველო გააგრძელებს, იყოს აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორი დემოკრატიული ინსტიტუტების და თავისუფალი ბაზრის ეკონომიკის აშენებით, რომელსაც საფუძვლად სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები, საჯარო სექტორის გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება კანონის უზენაესობა და ანტიკორუფციულ ძალისხმევა დაედება. ასევე, გამოვთქვამ იმედს, რომ თქვენი მთავრობა იპოვის გზებს, შეაკავოს აგრესიული ქმედებები ამერიკული კომპანიების მიმართ, ასევე იმუშავებს საგანგაშო ნიშნების აღმოფხვრაზე დემოკრატიის ეკონომიკური კეთილდღეობის და თავისუფლების მიმართ საფრთხის შესახებ, ვინაიდან ეს ყოველივე ქართველი ერისთვის ბუნებრივი, ღმერთის მიერ მინიჭებული უფლებებია”, – წერს კონგრესმენი.

banner
წინა სტატიაშიპოლიტიკურმა გაერთიანებამ „ლელო საქართველოსთვის“ ქუთაისის რეგიონული ოფისი გახსნა
შემდეგი სტატიაპიტ ოლსენი: საქართველოს კორუმპირებული მთავრობა თავს ესხმის დემოკრატიულ ღირებულებებს