საქართველოს პრემიერ-მინისტრი „რადიო თავისუფლების“ პრეზიდენტს შეხვდა

gulis eleqsiri

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „რადიო თავისუფლების“ პრეზიდენტსა და მთავარ აღმასრულებელ ოფიცერს, ჯეიმი ფლაის შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში არსებულ მედიაგარემოს და 5-6 ივლისს განვითარებულ მოვლენებს.

ირაკლი ღარიბაშვილმა შეხვედრისას ხაზი გაუსვა, რომ გამოხატვის თავისუფლება და მედიის თავისუფლება, რომელიც განმტკიცებულია კონსტიტუციით და დაცულია ეროვნულ დონეზე სხვადასხვა სამართლებრივი დოკუმენტით, საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტული საკითხია. როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოში არსებული მედიაპოლიტიკა ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალურია ევროპაში და დღეს ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს, მარტივი განაცხადის საფუძველზე, შეუძლია მაუწყებლობა დაიწყოს 10 დღეში, ყოველგვარი ლიცენზიის გარეშე. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობა რჩება მედიის თავისუფლების, გამჭვირვალობისა და პლურალიზმის უზრუნველყოფის ერთგული და ამ კუთხით არსებულ პროგრესზე მიუთითებს საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს მოწინავე პოზიციები.

პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაგმო 5-6 ივლისს გამართულ აქციებზე მომხდარი თავდასხმები მედიის წარმომადგენლებზე, მათ შორის „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტსა და ოპერატორზე ძალადობის ფაქტები და აღნიშნა, რომ აქტიურად გრძელდება შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებები და ყველა დამნაშავე კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება.

მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ჯგუფური ძალადობის ფაქტზე უკვე დააკავა 29 ადამიანი, მათ შორისაა ის პირიც, რომელმაც „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება და ყველა დამნაშავე პასუხისგებაში მიეცემა.

ჯეიმი ფლაიმ რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების (RFE/RL) ხელმძღვანელობა განაგრძო 2021 წლის 16 თებერვლიდან, დირექტორთა საბჭოს მიერ მისი ხელახლა დანიშვნის შემდეგ. RFE/RL-ის პრეზიდენტად და აღმასრულებელ ოფიცრად იგი პირველად დასახელდა 2019 წლის 10 ივლისს და მოვალეობის შესრულებას შეუდგა 1-ლი აგვისტოდან. მანამდე იყო უსაფრთხოების დემოკრატიის ალიანსის უფროსი მკვლევარი და თანადირექტორი, ასევე აშშ-ის გერმანიის მარშალის ფონდის გეოპოლიტიკისა და აზიის მომავლის პროგრამების დირექტორი.

წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი-საქართველოს ისტორიაში პირველად, საქართველოს ოთხ დაცულ ტერიტორიას UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა, რაც უმნიშვნელოვანესი მოვლენაა არა მხოლოდ ქვეყნისთვის, არამედ რეგიონის მასშტაბით
შემდეგი სტატიამდინარაძე: გავა 6 თვე და როგორც გაყალბებულ არჩევნებს აღარ ახსენებენ, ისე აღარ ახსენებენ სანდრო ლაშქარავასაც