საქართველოს პრემიერ–მინისტრი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-გერმანიის ორმხრივი ურთიერთობები, საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის დღის წესრიგი და რეგიონში არსებული ვითარება განიხილეს.

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა მადლობა გადაუხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს საქართველოში ვიზიტისთვის, რაც ორი ქვეყნის პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობების კიდევ ერთ ნათელ გამოხატულებად შეაფასა.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, გიორგი კვირიკაშვილმა და ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილი დემოკრატიულ რეფორმებზე და ევროინტეგრაციის დღის წესრიგზე ისაუბრეს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში საქართველოს მიერ გაწეულ ძალისხმევას და ამ პროცესში გერმანიის მხარდამჭერ როლს, ასევე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს.

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ხაზი გაუსვა არჩევნების სამართლიან, ღია და თავისუფალ გარემოში ჩატარების მნიშვნელობას.
”აღინიშნა, რომ საქართველოში, წინასაარჩევნო პერიოდის სტანდარტი მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული და გადადგმულია ძირეული ნაბიჯები დემოკრატიის კუთხით.

ყურადღება გამახვილდა საარჩევნო პროცესში საერთაშორისო სადამკვირებლო ორგანიზაციების ჩართულობის მნიშვნელობაზე.

მხარეებმა საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებზე, რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს”, – განმარტავენ ადმინისტრაციის პრესსამსახურში.

მათივე მტკიცებით, გიორგი კვირიკაშვილმა და ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა კიდევ ერთხელ გამოთქვეს სამძიმარი თურქეთში განხორციელებული ტერორისტული აქტის გამო.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე სესიის მნიშვნელობას, რომელსაც თბილისი მასპინძლობს.
”აღინიშნა, რომ საქართველოს 25-წლიანი დამოუკიდებლობის ისტორიაში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე ყოველწლიური სესია ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური საერთაშორისო ღონისძიებაა.

გამოითქვა იმედი, რომ აღნიშნული ფორუმი პოლიტიკურ რუკაზე საქართველოს როლს და შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად გააძლიერებს”, – განმარტავენ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში.

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი საქართველოს სამუშაო ვიზიტით დღეს ეწვია.
იგი მონაწილეობას მიიღებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე ყოველწლიურ სესიაში.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდში სკოლის კურსდამთავრებულებისათვის საზეიმო კონცერტი გაიმართა
შემდეგი სტატიასომხეთის ტრანსპორტის მინისტრი : ერევანი საქართველოსა და რუსეთთან სამხრეთ ოსეთის გავლით გზის გახსნაზე მოლაპარაკებებს მართავს