საქართველოს პრემიერ-მინისტრი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკას და საოკუპაციო ხაზებით გაყოფილ მოსახლეობას შორის შერიგებისა და ნდობის აღდგენისაკენ მიმართულ ძალისხმევას, სამწუხაროდ, რუსეთის ფედერაცია პასუხობს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების იზოლაციის გაძლიერებითა და მათი ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯებით.
ამის დასტურია გადაწყვეტილება, ცხინვალის რეგიონისთვის, რუსეთის ფედერაციის სუბიექტის ანალოგიური სახელის მინიჭების თაობაზე, რეფერენდუმის დანიშვნასთან დაკავშირებით. ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს საოკუპაციო ძალის რეალურ განზრახვას, თავის შემადგენელ ნაწილად აქციოს საქართველოს განუყოფელი რეგიონები.
საერთაშორისო სამართლის თანახმად, უკანონო და ყოვლად მიუღებელია რეფერენდუმის ჩატარება რეგიონში, საიდანაც ეთნიკური წმენდის შედეგად გამოდევნილია ათეულობით ათასი მკვიდრი მოსახლე და ეფექტური კონტროლი ხორციელდება საოკუპაციო ძალის მიერ.
მოვუწოდებ საერთაშორისო თანამეგობრობას, ერთიანი ძალისხმევით წინ აღუდგეს რუსეთის ფედერაციის პროვოკაციულ ქმედებებს, ხელი შეუშალოს სუვერენული ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფისა და უკანონო ანექსიის პრაქტიკის დამკვიდრებას, რაც ძირს უთხრის რეგიონის სტაბილურობას და დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებულ საერთაშორისო სისტემას–ნათქვამია პრემიერ–მინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიივანიშვილის ფარული ჩანაწერები – ლაშა ნაცვლიშვილი ბრალდებებს პასუხობს
შემდეგი სტატიაბრაზილიაში პოლიციელების საპროტესტო აქციის დასაშლელად სამხედროები გაგზავნეს