საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროკომისარს ვაჭრობის საკითხებში სესილია მალმსტრომს შეხვდა

ევროკავშირი ქართული საწარმოების აკრედიტაციის შესაძლებლობის განხილვას იწყებს, რასთან დაკავშირებული პროცედურებიც უახლოეს მომავალში დაიწყება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ევროკომისარი ვაჭრობის საკითხებში სესილია მალმსტრომი შეხვედრისას შეთანხმდნენ, რომელიც ბრიუსელში, ევროკომისიაში გაიმართა.
ევროკავშირის აკრედიტაციის სტანდარტების დაკმაყოფილება საწარმოებს საშუალებას მისცემს, საკუთარი პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე განახორციელონ.
პრემიერ-მინისტრმა და ევროკომისარმა შეხვედრისას ასევე ისაუბრეს საქართველო-ევროკავშირის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული შესაძლებლობების გამოყენებაზე და ხაზი გაუსვეს ამ მიმართულებით არსებულ პროგრესს.
განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული მზარდი სავაჭრო დინამიკა – კერძოდ, ის ფაქტი, რომ 2017 წლის განმავლობაში, საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტი 13%-ით გაიზარდა და ჯამში 647 მილიონი დოლარი შეადგინა.
ასევე, ხაზი გაესვა ინვესტიციების კუთხით არსებულ დადებით ტენდენციას, რაც ევროპიდან ინვესტიციების 6%-იან ზრდაში გამოიხატა და 2017 წლის განმავლობაში დაახლოებით 445 მილიონ დოლარს მიაღწია.
მხარეებმა გამოთქვეს რწმენა, რომ საქართველო-ევროკავშირის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში არებული პოზიტიური დინამიკა გაგრძელდება და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების წარმატებული იმპლემენტაცია ქართულ საწარმოებს კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობებს მისცემს.
შეხვედრას საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე დაესწრნენ.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტის საგაზაფხულო სესია დღეს გაიხსნება
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე IRI-ს პრეზიდენტს შეხვდა