საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჩინეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ძი იანჩს შეხვდა.

საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყება, „აბრეშუმის გზის“ აღორძინება და ორი ქვეყნის მეგობრული ურთიერთობების განვითარება იყო ირაკლი ღარიბაშვილისა და ელჩის ძი იანჩის შეხვედრის მთავარი თემები.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა აღნიშნეს, რომ ბოლო პერიოდში ჩინეთ-საქართველოს თანამშრომლობა განსაკუთრებით განვითარდა და ამაზე საქართველოში ჩინური ინვესტიციების ზრდის ტენდენციაც მიუთითებს.

შეხვედრაზე განსაკუთრებით გაესვა ხაზი „აბრეშუმის გზის“, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი უმნიშვნელოვანესი სახმელეთო მარშრუტის როლს.

პრემიერმა განაცხადა, რომ “აბრეშუმის გზის” ამოქმედებით, საქართველო იბრუნებს ისტორიულ მისიას, რომელიც მას საუკუნეების განმავლობაში აკისრია. ამ კონტექსტში ხაზგასმით აღინიშნა 13 დეკემბერს საქართველოში პირველი ტრანზიტული მატარებლის შემოსვლის მნიშვნელობა, რომელიც ტვირთს ჩინეთიდან თურქეთში ჩაიტანს.

შეხვედრის დასასრულს, ჩინეთის ელჩმა საქართველოს პრემიერს საჩუქრად წიგნი და ცხენის სკულპტურა გადასცა და აღნიშნა, რომ ცხენი ჩინეთის იმ დინასტიის სიმბოლოა, რომლის მმართველობის დროსაც „აბრეშუმის გზა“ ყველაზე მეტად იყო განვითარებული და ამასთანავე, ის გამარჯვების სიმბოლოდ მიიჩნევა.

ჩინეთის ახალ ელჩს საქართველოს მთავრობის მეთაურმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა. შეხვედრის შემდეგ საუბარი არაოფიციალურ გარემოში, მთავრობის ადმინისტრაციის ვერანდაზე გაგრძელდა.

banner
წინა სტატიაში„ახალი მემარჯვენეების“ თავმჯდომარედ მამუკა კაციტაძე დაინიშნა
შემდეგი სტატიასააკაშვილმა განაცხადა, რომ მას საიდუმლო იარაღი აქვს