საქართველოს პრემიერ-მინისტრი აშშ-ის კონგრესის დელეგაციას შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის დელეგაციას შეხვდა, რომელიც თბილისში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე სესიის ფარგლებში იმყოფება.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საუბრის ძირითადი თემები აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა, საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები, მომავალი საპარლამენტო არჩევნები და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა იყო.

პრემიერმა კონგრესმენებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისა და ქვეყნის მხარდამჭერი რეზოლუციების მიღებისთვის მადლობა გადაუხადა. საუბარი შეეხო აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჯონ კერის ვიზიტს საქართველოში, რომელიც 6 ივლისს იგეგმება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტი საქართველოსადმი მხარდაჭერის კიდევ ერთ დადასტურებად შეაფასა. პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ დღეიდან ძალაში შევიდა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება, ოფიციალურად ამოქმედდა ხელშეკრულების ყველა დებულება და საქართველოს პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესი, რომელიც ევროპული პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური, სოციალური და სამართლებრივი სტანდარტების დანერგვას გულისხმობს, შეუქცევადად და სრულმასშტაბიანად წარიმართება. მთავრობის მეთაურმა კონგრესმენებს ასევე მიაწოდა ინფორმაცია, რომ რამდენიმე დღის წინ, საქართველომ, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან(EFTA) გააფორმა. შეხვედრისას ყურადღება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებსაც დაეთმო.

გიორგი კვირიკაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა დემოკრატიული, თავისუფალი და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი არჩევნების ჩატარებას უზრუნველყოფს. საუბარი ასევე შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებას.

შეხვედრას სენატორი როჯერ უიქერი, კონგრესმენები – ქრის სმითი, რობერტ ადერჰოლტი რენდი ჰალთგრენი, მაიქლ ფითზპატრიკი, დევიდ შვაიქართი, აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იან კელი, ხოლო საქართველოს მხრიდან – საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძე და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე დაესწრნენ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი: სასწორზე ბევრად მეტი დევს, ვიდრე არჩევნებში გამარჯვებაა
შემდეგი სტატიაბათუმში “საქართველოს ბანკის” თანამშრომელი დაჭრეს