საქართველოს პოსტკრიზისულ ეკონომიკურ გეგმაზე საერთაშორისო ექსპერტების მაღალი დონის საკონსულტაციო მომსახურებას USAID-ი და UNDP-ი სრულად აფინანსებენ

საქართველოს მთავრობა ქვეყნის ეკონომიკის საშუალო და გრძელვადიანი სტაბილიზაციის და განვითარების გეგმაზე მაღალი დონის ექსპერტებთან მუშაობას განაგრძობს – Deloitte-ის ნიუ-იორკის ოფისის წარმომადგენლებმა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობის ეკონომიკურ გუნდს დღეს პირველადი პრეზენტაცია წარუდგინეს, რომელიც ფისკალური, მონეტარული და სექტორული ეკონომიკური პოლიტიკის ანალიზსა და საერთაშორისო კონსულტანტების რეკომენდაციებს მოიცავდა.

ექსპერტებმა მაღალი შეფასება მისცეს მთავრობის მხრიდან გატარებულ ღონისძიებებს ანტიკრიზისული და სექტორული მხარდაჭერის მიმართულებებით. საერთაშორისო კონსულტანტებმა ვიდეო-კონფერენციის ფორმატში გამართული შეხვედრისას აღნიშნეს, რომ საქართველოს ხელისუფლების თითოეული ნაბიჯი პანდემიის დროს ემყარებოდა საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას და გამოცდილებას. ექსპერტების თქმით, მოქალაქეების მხარდაჭერის მიზნით განხორციელებული ყველა ქმედება იყო სწრაფი და დროული.

შეხვედრისას, აღინიშნა, რომ დღეს, როდესაც მსოფლიო ახალი რეალობის წინაშეა და საუბარია ბიზნესების დივერსიფიკაციაზე, საქართველოს აქვს კარგი შესაძლებლობები, როგორც მიღწევების, ისე საერთაშორისო რეიტინგების გათვალისწინებით, რომ გახდეს კიდევ უფრო მიმზიდველი საინვესტიციო პლატფორმა.

პოსტკრიზისულ ეკონომიკურ გეგმაზე საქართველოს მთავრობა აშშ-ის განვითარების სააგენტოს და გაერო-ს განვითარების პროგრამის სრული დაფინანსებით რამდენიმე სამუშაო ჯგუფის ფორმატში მუშაობს, მათ შორისაა: Deloitte-ის ნიუ-იორკის ოფისის ეკონომიკური ექსპერტები, კემბრიჯისა და ლონდონის უნივერსიტეტის პროფესორები და ქართველი ექსპერტები.
ვიდეო-კონფერენციაში პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან ერთად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი და პრემიერის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილი მონაწილეობდნენ.

banner
წინა სტატიაშიმარინა ეზუგბაია : კორონავირუსის ხუთივე ახალი შემთხვევა იმპორტირებულია, პაციენტებიდან ოთხი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია
შემდეგი სტატიამარინა ეზუგბაია : ინფექციური საავადმყოფო კიდევ შვიდმა გამოჯანმრთელებულმა დატოვა, კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 20 პაციენტი რჩება