საქართველოს პოლიციის რეგიონულ დანაყოფებს 180 ახალი, მაღალი გამავლობის ავტომანქანა შეემატა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლების პროექტს, რომლის ფარგლებშიც, საქართველოს პოლიციის ავტოპარკს 180 ახალი, მაღალი გამავლობის ავტომანქანა შეემატა. ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

ახალი მანქანების გადაცემის ცერემონია მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა. ღონისძიება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ გახსნა და პოლიციელებს სიტყვით მიმართა.

„ყველას კარგად გვესმის, რამხელა მნიშვნელობა აქვს ამ ქვეყანაში, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო იყოს ეფექტურად მომუშავე სტრუქტურა. ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა ყოველი ჩვენგანისთვის, ვიყოთ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე პასუხისმგებელი, თუმცა ისიც კარგად გვესმის, რომ ამ ყველაფრისთვის გვჭირდება შესაბამისი ინფრასტრუქტურა – ყველაფერი ის, რაც ხელს შეუწყობს ჩვენს თითოეულ პოლიციელს ეფექტურად და ღირსეულად შეასრულოს თავისი სამუშაო და მასზე დაკისრებული ვალდებულებები.

ავტოტრანსპორტის დიდი ნაწილი სწორედ რეგიონებში იქნება გაგზავნილი და ის პრობლემები, რომელზეც ჩვენ ყოველდღე ვსაუბრობთ, რომ გვაკლია აღჭურვილობა, ტექნიკა და ტრანსპორტი რეგიონებში, ნელ-ნელა ამას ყველაფერს მოვაგვარებთ. თუმცა, ყველაფერთან ერთად, ისიც გვესმის, რომ მარტო აღჭურვილობა საკმარისი არ არის. ყველაზე მნიშვნელოვანია ის შემართება, რა შემართებითაც თითოეული პოლიციელი, თითოეული ჩვენი კოლეგა იშრომებს ჩვენი ქვეყნისა და თითოეული ჩვენი მოქალაქის დასაცავად და კეთილდღეობისთვის“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

banner
წინა სტატიაში“ავავსოთ აუზი”- მოქალაქეებმა სესიაშვილის სახლთან ბოთლებით წყალი მიიტანეს
შემდეგი სტატიამამუკა ბახტაძე : მთავრობის თითოეული წევრი ღირსეულად უმკლავდება იმ გამოწვევებს და ამბიციურ რეფორმათა გეგმას, რომელიც პარლამენტში წარვადგინე