საქართველოს პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ პანკისის ხეობა მოინახულა

საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა პანკისის ხეობას ესტუმრა და საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსებული პანკისის ხეობის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში განხორციელებული სხვადასხვა საგანმანათლებლო და დასაქმების ხელშემწყობი პროექტების მიმდინარეობას გაეცნო.

მაკა ჩიჩუამ სოფელ დუმასტურში პროექტის „ჩვენ საქართველოს შვილები ვართ” დღის ცენტრი მოინხულა, რომლის ბენეფიციარები პანკისის ხეობაში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ბავშვები არიან.

პროექტის მიზანი პანკისის ხეობაში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის საგანმანათლებლო, სოციალური, კულტურული შესაძლებლობის განვითარებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობაა. პირველი ლედი ბავშვებს გაესაუბრა, მათი სასწავლო ოთახები დაათვალიერა და მათ სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

მაკა ჩიჩუამ ცენტრის აღსაზრდელები პრეზიდენტის საახალწლო ნაძვის ხეზეც მოიწვია.

მაკა ჩიჩუამ და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა სოფელ დუისში ჭიდაობის დარბაზი მოინახულეს და საწვრთნელ ჩვენებას დაესწრნენ, რომელშიც სოფელში მცხოვრები 100-მდე ბავშვი ძიუდოს ეუფლება.

ქვეყნის პირველმა ლედიმ პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოსთან გამართა შეხვედრა. პროექტის მონაწილეების მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნივთები დაათვალიერა. შეხვედრისას საბჭოს წევრებმა ხეობაში არსებულ პრობლემურ საკითხებზე გაამახვილეს ყურადღება და ისაუბრეს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით მიმდინარე პროექტების შესახებ.

პროექტის „ქალები ქალების სამსახურში”, რომელსაც პანკისის ხეობის უხუცეს ქალთა საბჭო ახორციელებს, მონაწილე ქალბატონებმა მაკა ჩიჩუას პროექტის მიზანი გააცნეს

პროექტი პანკისის ხეობის 12 სოფლის მცხოვრები ქისტი ქალების და ახალგაზრდა გოგონების ინფორმირების მიზნით ხორციელდება, რომელიც მათი უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, ქალთა უფლებების აგიტაციისა და სამართლებრივი მექანიზმების გამოყენების ხელშეწყობას ემსახურება, ასევე, ქალთა ინტერესებისთვის ტრადიციული ადათ-წესებისა და რელიგიის სწორი ინტერპრეტაციის ხელშეწყობას ითვალისწინებს.

„დღეს მე შევხვდი ისეთ ადამიანებს, რომლებმაც ზუსტად იციან რა უნდათ, რისი კეთება უნდათ ამ მხარეში, რა პრობლემებია, როგორ შეიძლება ამ პრობლემის გადაჭრა და ესენი არიან ძალიან ძლიერი სულის ქალები გაერთიანებულნი ქალთა უხუცესთა საბჭოში, რომლებმაც შეძლეს და ძალიან ბევრი პრობლემა უკვე დაძლიეს, იმის ხარჯზე რომ ზუსტად იცოდნენ რისი კეთება სურდათ.

დედებმა და მეუღლეებმა გადაწყვიტეს, რომ მოეფიქრებინათ არსებული პრობლემების გადასაჭრელი გზები.

მე მათ მოვუსმინე და აღფრთოვანებული ვარ მათი ძალით. მათ შეძლეს ერთად დაჯდომა გადაწყვეტილებების მიღება და შემდეგ, უხუცეს კაცებთან შეთანხმება, რაც ადრე წარმოუდგენელი იყო,’’-აღნიშნა პირველმა ლედიმ

შეხვედრების დასასრულს მაკა ჩიჩუა ადგილობრივ რადიოს “ვეი” ესტუმრა და რადიოგადაცემაში მიიღო მონაწილეობა.

საქართველოს პირველ ლედისთან ერთად პანკისის ხეობა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინე იმერლიშვილმა, პრეზიდენტის მრჩეველმა ეთნიკური უმცირესობების საკითხებში სოფიო შამანიდმა და პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ მოინახულეს.

1474705668584434 1474705680956346

banner
წინა სტატიაში“ნაციონალური მოძრაობა” ქართული ოცნებისგან წინასაარჩევნო დასკვნითი აქციის თარიღის გამოცხადებას ითხოვს
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილი: ყველა ბიზნესმენი უნდა იყოს ფავორიტი ხელისუფლებისთვის