საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის გაწევრიანების თხოვნაზე, მსოფლიოს ფეხბურთის მმართველი ორგანო, სწორ სამართლებრივ რეაგირებას მოახდენს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი, დავით მუჯირი ფიფა-ს პრეზიდენტს, ჯანი ინფანტინოს მიმართავს.

“მოგეხსენებათ, რომ 2016 წელს ოკუპირებულ აფხაზეთში დე ფაქტო ხელისუფლების პირობებში, ფიფა-სგან და უეფა-სგან დამოუკიდებლად გაიმართა „ConIFA” ჩემპიონატი, სადაც მონაწილეობა მიიღეს არაღიარებულმა სახელმწიფოებმა.

ამასთან დაკავშირებით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ჰქონდა კომუნიკაცია ფიფა-სთან. ჩვენთვის ცნობილია თქვენი პოზიცია ჩემპიონატთან დაკავშირებით, რომელიც არც ფიფა-ს და არც უეფა-ს ეგიდით არ იმართება. ჩვენი მხრივ, კიდევ ერთხელ გვსურს დაგიდასტუროთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ემიჯნება ფიფას და უეფას სამართლებრივი სივრცის საწინააღმდეგო ქმედებებს და ამასთან ერთად, წუხილს გამოთქვამს საქართველოს ტერიტორიაზე იმ პროცესების არსებობაზე, რომელიც საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების საწინააღმდეგოა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისათვის მედია საშუალებებით ცნობილი გახდა, რომ არაღიარებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა აპირებს გაწევრიანების თხოვნით მიმართოს ფიფა-ს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მოგმართავთ თხოვნით, წინამდებარე წერილში აღნიშნული ინფორმაცია მიიღოთ ცნობად, ამასთან ერთად აღვნიშნავთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, როგორც ფიფას და უეფას სრულუფლებიანი წევრი ორგანიზაცია დარწმუნებულია, რომ თუ არაღიარებული აფხაზეთის რესპუბლიკის წარმომადგენლები მიმართავენ ფიფა-ს წევრობის სტატუსის მოთხოვნით, მსოფლიოს ფეხბურთის მმართველი ორგანო მოახდენს სწორ სამართლებრივ რეაგირებას”,- ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშირატომ არ მონაწილეობდა საქართველო ნატოს ყველაზე ფართომასშტაბურ წვრთნებში – პოლონური მედიის ვარაუდები
შემდეგი სტატიაევროკავშირის შინაგან საქმეთა მინისტრები საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხს განიხლავენ