საქართველოს პარლამენტში პარაგვაის რესპუბლიკის კონგრესის დელეგაცია იმყოფებოდა

2eb913115e545ff36957d9e756291fa0_47914

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეები, ზვიად კვაჭანტირაძე და ვლადიმერ აჩბა პარაგვაის რესპუბლიკის კონგრესის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს, ვალტერ ჰარმსს და დელეგაციის წევრებს შეხვდნენ.

მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობის გაღრმავების გზებზე და საერთაშორისო ფორმატებში მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს. როგორც ზვიად კვაჭანტირაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, სტუმრები კარგად იყვნენ ინფორმირებული საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე და იმ გამოწვევებზე, რომელიც საქართველოს წინაშე დგას. „მათ აღგვითქვეს ყველანაირი დახმარება საერთაშორისო ფორმატებში მხარდაჭერის თვალსაზრისით. შეგვპირდნენ, რომ გამოითხოვენ აღმასრულებელი ხელისუფლებისგან მთელ საქმეს, რომელიც საქართველოს მიერ გაერო-ს გენერალური ასამბლეაში, 2008 წლიდან ინიცირებულ რეზოლუციას „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ უკავშირდება. როგორც ცნობილია, პარაგვაი თავს იკავებს წლების განმავლობაში მხარდაჭერისგან“, – განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მზადდება ორმხრივი ურთიერთობების ოთხ პუნქტიანი ხელშეკრულება, რომელიც სავაჭრო-ეკონომიკურ და კულტურულ ასპექტებს მოიცავს. ხელშეკრულება ასევე, დიპლომატიური და სპეციალური სამსახურეობრივი პასპორტების მქონე პირთათვის უვიზო მიმოსვლის დაწესებას ითვალისწინებს. „დოკუმენტის სამენოვანი თარგმანის დასრულების შემდეგ ჩვენ აქტიურად გავაგრძელებთ ურთიერთობებს, რათა ხელი მოვაწეროთ ამ ხელშეკრულებას“, – განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.
შეხვედრაზე, პარაგვაის რესპუბლიკის კონგრესის წევრმა, ვალტერ ჰარმსმა, ქვეყნის სახელით, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა გამოხატა.

banner
წინა სტატიაშიკორცხელის ინციდენტში მონაწილე სპორტსმენის მუქარა – ლადო გეგეშიძე ენმ-ის წევრებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს
შემდეგი სტატიაგივი თარგამაძე: ე.წ. კანონიერი ქურდებისგან გაიცა ოპოზიციის წევრების ცემის დავალება