საქართველოს პარლამენტში მუჰაჯირობის 140 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიისა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით, საქართველოს პარლამენტში მუჰაჯირობის 140 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიება გახსნა საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზვიად კვაჭანტირაძემ, დამსწრე საზოგადოებას ასევე სიტყვით მიმართეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ოლქის საკითხთა და სამოქალაქო ინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსმა ზვიად ზვიადაძემ.
პარლამენტის საგამოფენო დარბაზში წარმოდგენილი იყო მუჰაჯირობასთან დაკავშირებული თემატური ფოტოგამოფენა, ხოლო კინოდარბაზში გაიმართა ფილმის „მუჰაჯირების შთამომავალი აფხაზები აჭარაში“ ჩვენება, დარიგდა საინფორმაციო ბუკლეტები.
„ფოტო-გამოფენა ერთის მხრივ ისტორიულ ქრონიკას, ხოლო, მეორეს მხრივ, 140 წლის შემდეგაც კი, აფხაზეთისა და ქართველების გენეტიკაში დაბუდებული ტკივილის ამოძახილს წარმოადგენს. მივმართავ ჩვენს აფხაზ თანამოძმეებს, რომ ჩვენ ერთი ბედის და ერთი სატკივარის მატარებელნი ვართ, მაგრამ ჩვენი ძალა ჩვენს შეგნებაშია“ – განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.
ღონისძიების ბოლოს აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლმა შეასრულა ქართული და აფხაზური სიმღერები.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ესწრებოდნენ.

banner
წინა სტატიაშიშეერთებული შტატები მოუწოდებს საქართველოს შექმნას შესაძლებლობა, რომ ყველა ხმა იყოს მოსმენილი პოლიტიკაში, მედიაში
შემდეგი სტატიასაქართველო-აშშ-ის ურთიერთობები ხარისხობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა და კიდევ უფრო მრავალმხრივი გახდა