„ჩვენ გამოვიყენებთ ყველა რესურსს იმისათვის, რომ ჩვენი მოქალაქეების ინტერესები დავიცვათ და განვავითაროთ სახელმწიფო. საქართველოს არა აქვს ფუფუნება იყოს იზოლირებული, საქართველოს არ აქვს ფუფუნება, რომ ვიღაცის „კაპრიზების“ გამო არ ესაუბროს პარტნიორებს და არ ეძებოს პარტნიორები. ჩვენ ვეძებთ პარტნიორებს, ჩვენ ვეძებთ მეგობრებს, მათ შორის მსოფლიოში სტრატეგიულად დიდი მნიშვნელობის მატარებელ სახელმწიფოებთან. ვეძებთ პარტნიორობას. ჩვენ ამ პარტნიორობაში მათი მხრიდანაც გვინდა პარტნიორობა, არა აქვს ამას მნიშვნელობა ეს იქნება ამერიკის შეერთებული შტატები, ეს იქნება ჩინეთი, ჩვენ არ შევდივართ იმ გეოპოლიტიკურ შეჯიბრში, რომელიც ამ ორ ქვეყანას შეიძლება ჰქონდეს“, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი ჩიქოვანმა პარლამენტში ინტერპელაციის წესით ანაკლიის საკითხზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გამოსვლის შემდეგ.
ირაკლი ჩიქოვანის შეფასებით, ანაკლიის პორტის მნიშვნელობა არ განისაზღვრება არც ერთი და არც ორი წლით, მისი სტრატეგიულობა არ არის განპირობებული კონკრეტულ დროში, კონკრეტულ ვადაში მის განხორციელებასთან.
როგორც ირაკლი ჩიქოვანმა აღნიშნა, რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა, რომ ეს ყველაფერი ადრე მომხდარიყო, მაგრამ ამ პროექტს აქვს უაღრესად დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა.
„ჩვენ წინ უნდა ვიხედებოდეთ და რეალურად უნდა ვსაუბრობდეთ იმაზე, რომ ეს პორტი მოიტანს დიდ სიკეთეს ჩვენი სახელმწიფოსთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის. ბატონო მინისტრო, გულწრფელად გეტყვით, რომ ის რაც დღეს ისაუბრეთ, რომ უკვე წელს იქნება გარკვეული სამუშაოები დაწყებული, ეს არის ნამდვილად კარგი ამბავი. და თუ მავნებელი არა ხარ, თუ შენი ქვეყნის ცუდი არ გიხარია და უბრალოდ ბოროტი ადამიანი არა ხარ, ყველანი, თქვენი მოსმენის შემდეგ, უნდა ვიყოთ გახარებულები, რომ ეს გადაწყვეტილება უკვე ამ ეტაპზეა. ჩვენ ყველა, საქართველოს მოქალაქეები ძალიან დიდი იმედით შევყურებთ ამ პროექტს, რომელიც მართლაც კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ მნიშვნელობას შუა დერეფანში“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.