საქართველოს პარლამენტსა და გაეროს ბავშვთა ფონდს (UNICEF) შორის ურთიერთგაგების რიგით მეორე მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე ბაია კვიციანმა და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში იესპერ მოლერმა.
„თანამშრომლობის ოფიციალურ ფორმატში გადატანა ხელს შეუწყობს ბავშვთა უფლებების საერთაშორისო სტანდარტებთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციას და განამტკიცებს ბავშვის უფლებების კანონმდებლობის ეფექტიან აღსრულებას. დღეს გაფორმებული მემორანდუმი ძალაში იქნება საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის განმავლობაში, 2024 წლის ოქტომბრის ჩათვლით“, – განაცხადა ბაია კვიციანმა.
მემორანდუმის მიზანია „ბავშვის უფლებათა კოდექსისა“ და ბავშვის უფლებებთან დაკავშირებული სხვა ნორმატიული აქტების განხორციელებაზე ზედამხედველობისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესებში ბავშვთა მონაწილეობის გაძლიერების ხელშეწყობა. მემორანდუმი მიზნად ისახავს საქართველოს პარლამენტსა და გაეროს ბავშვთა ფონდს შორის ინსტიტუციური თანამშრომლობის გაძლიერებას ბავშვის უფლებათა კანონმდებლობის სრულყოფისათვის.
„მოხარული ვარ, რომ გვეძლევა შესაძლებლობა ოფიციალურად განვაახლოთ ჩვენი თანამშრომლობა პარლამენტთან და ერთობლივი ძალისხმევით უზრუნველვყოთ „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ და შესაბამისი ნორმების აღსრულება საქართველოში“, – განაცხადა საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა იესპერ მოლერმა.
ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს ფუნქციონირების ფარგლებში საქართველოს პარლამენტსა და გაეროს ბავშვთა ფონდს შორის პირველად ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი 2021 წლის დეკემბერში მოეწერა.