საქართველოს პარლამენტმა სადეპუტატო კითხვების გვერდი შექმნა

საქართველოს პარლამენტმა შექმნა სადეპუტატო კითხვების გვერდი, სადაც ასახულია დეპუტატების მიერ სამთავრობო სტრუქტურებში გაგზავნილი კითხვები და მიღებული პასუხები.

სადეპუტატო კითხვები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მექანიზმია, რომლის მეშვეობითაც პარლამენტი კონსტიტუციის 48-ე მუხლით დადგენილ უფლებამოსილებას – მთავრობის საქმიანობის კონტროლს ახორციელებს.

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 221-ე მუხლის თანახმად, დეპუტატი უფლებამოსილია კითხვით მიმართოს პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ ორგანოს, საქართველოს მთავრობას, მთავრობის წევრს, ყველა დონის ტერიტორიული ერთეულის აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოს ხელმძღვანელს, სახელმწიფო დაწესებულებას და მათგან მიიღოს პასუხი.

კითხვა შეიძლება დასმულ იქნეს მხოლოდ წერილობითი ფორმით. თითოეული ორგანო და თანამდებობის პირი, რომელსაც კითხვით მიმართეს, ვალდებულია პარლამენტს კითხვის მიღებიდან 15 დღეში წარუდგინოს წერილობითი პასუხი.

შესაბამის თანამდებობის პირს კითხვის ავტორთან შეთანხმებით, კითხვაზე პასუხის გაცემის ვადა შეიძლება გაუგრძელდეს 10 დღით. პასუხს ხელს აწერენ მხოლოდ ამ მუხლში ჩამოთვლილი სუბიექტები ან შესაბამისი ორგანოს ხელმძღვანელი. თანამდებობის პირს უფლება აქვს, კითხვასა და შეკითხვას პასუხი არ გასცეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ინფორმაცია სახელმწიფო ან სამხედრო საიდუმლოებას შეიცავს.

სადეპუტატო კითხვების საჯაროდ გამოქვეყნების ინიციატივით ღია მმართველობის პარტნიორობის (Open Government Partnership, OGP) ფარგლებში გამოვიდნენ: ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრი თამარ კორძაია და საკონსულტაციო ჯგუფის წევრი – საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო. საქართველოს პარლამენტმა სადეპუტატო კითხვების პროაქტიულად გამოქვეყნების ვალდებულება საქართველოს ღია პარლამენტის 2015-2016 წლების სამოქმედო გეგმით აიღო.

საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე სადეპუტატო კითხვების გამოქვეყნება ხელს შეუწყობს დეპუტატების მიერ სამთავრობო კონტროლის ეფექტიანად და გამჭვირვალედ შესრულებას და შესაბამისად, პარლამენტის წარმომადგენლობით ფუნქციასა და სამთავრობო სტრუქტურების საქმიანობაზე სამოქალაქო კონტროლის გახორციელებას.

banner
წინა სტატიაშიცესკო ევროპის საბჭოსგან 40 ათასი ევროს დაფინანსებას მიიღებს
შემდეგი სტატიასექტემბრიდან თბილისში ახალი ავტობუსები ივლის (+ვიდეო)