საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა – დღის შეჯამება

საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა – სხდომის შეჯამების შესახებ ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცლებს.

პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ რიგგარეშე სხდომაზე, წმინდა დიდმოწამე ქეთევან დედოფლის ხსენების დღე მიულოცა კოლეგებს და საქართველოს მოსახლეობას. „დღეს გახლავთ წმინდა ქეთევან დედოფლის ხსენების დღე და ამ დღესასწაულს წელს საქართველო განსაკუთრებულად აღნიშნავს, გამომდინარე იქიდან, რომ პირველად არის მობრძანებული საქართველოში ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები. ქეთევან დედოფლის მადლო ჰფარავდეს საქართველოს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატებმა საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 117 ხმით 2-ის წინააღმდეგ და საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ 114 ხმით 3-ის წინააღმდეგ მიიღეს. სხდომას პარლამენტის წევრებთან ერთად ესწრებოდნენ სახელმწიფო-საკონსტიტუციო კომისიის წევრები, მთავრობის, სასამართლო ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები. პარლამენტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც აღნიშნულ კანონპროექტებზე მუშაობდა. „მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ყოველდღიური შრომისთვის თითოეულს, რომლის საფუძველზეც შემუშავდა დღეს წარმოდგენილი დოკუმენტი. ეს იყო დაუღალავი შრომა და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თითოეულმა წევრმა შეიტანა ამაში ფასდაუდებელი წვლილი“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, წარმოდგენილი საკონსტიტუციო ცვლილებები აგებულია ეროვნულ ინტერესებზე. „ეს არის ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული ევროპული ტიპის კონსტიტუცია. პირველად ვიღებთ ჩვენ ასეთი ტიპის კონსტიტუციას საქართველოში 90-იანი წლებიდან მოყოლებული“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა იმ ნეგატიურ საკონსტიტუციო ტრადიციაზე, რომელიც საქართველოში არსებობდა. მისი თქმით, პირველად ხდება საქართველოში ის, რომ ცვლილებები ტარდება არა მმართველი ძალის, არა ხელისუფლების სასარგებლოდ, არამედ ქვეყნის გრძელვადიანი ინტერესების სასარგებლოდ. „ეს არის ახალი საკონსტიტუციო კულტურის დამკვიდრება ჩვენს ქვეყანაში”, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, თამამად შეიძლება ეწოდოს ამ დოკუმენტს კონსტიტუციის პირველი შესწორება. „აქამდე კონსტიტუცია იცვლებოდა მხოლოდ და მხოლოდ სუბიექტური ინტერესებიდან გამომდინარე, თავიდანვე ძალიან ცუდად დავიწყეთ. „პირველივე შესწორება“, პირველივე ცვლილება როდესაც შევიდა კონსტიტუციაში, ეხებოდა 5%–იანი ბარიერის ჩანაცვლებას 7%–იანი ბარიერით. მაშინ ამ ცვლილების ინიციატორი გახლდათ მიხეილ სააკაშვილი, ისევე როგორც, სხვა ცვლილებებისა, რომელმაც ხელი შეუწყო კიდევ ერთხელ საქართველოში არასწორი საკონსტიტუციო ტრადიციების და კულტურის დამკვიდრებას. და ჩვენ ამ არასწორ ტრადიციას ვცვლით ძალიან სწორი ტრადიციით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის გათვალისწინებით, კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვისას დეპუტატებმა რედაქციული ხასიათის შენიშვნები გამოთქვეს.
ოპოზიციის წარმომადგენლებმა კანონპროეტის მეორე მოსმენაზე დაბრუნება და პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით 2024 წლისთვის დაგეგმილი ცვლილების შეტანა მოითხოვეს.

ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრებმა განაცხადეს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცესში მონაწილეობას არ აპირებენ და პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვეს.

ოპოზიციური ფრაქციის პროტესტს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავჯდომარე მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები პარლამენტის წინ მომხრეთა მაქსიმალურ მობილიზებას ცდილობენ და გარკვეული დესტაბილიზაციის განცდის შექმნას გეგმავენ. მისივე განმარტებით, ტყუილია უმცირესობის წარმომადგენლების განცხადება, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა არის უარყოფითი. „როდესაც ხელისუფლებაში იყავით, ტყუილებით მართავდით ქვეყანას. თქვენ ანტიდასავლურ ძალებთან პოზიციებში გაერთიანდით, ოღონდ კი პროგრესული კონსტიტუციისთვის დარტყმა მიგეყენებინათ. თქვენ შეძელით, რომ წაგეკითხათ ვენეციის დასკვნა და მასზე გეთქვათ, რომ უარყოფითი დასკვნაა. თქვენ შეძელით ის, რომ დღეს მთავარ საკითხად დაგეყენებინათ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა. საზოგადოებას კარგად ახსოვს, როდესაც ეს ეწერა და 2024 წლის ხსენებაც არ იყო კონსტიტუციაში, მაშინ დატოვეთ საკონსტიტუციო კომისია. ეს არის პოლიტიკური თაღლითობა, რომელსაც წლების განმავლობაში ეწეოდით და რომელსაც დღესაც აგრძელებთ ოპოზიციაში ყოფნისას და ამით გინდათ, რომ საზოგადოებრივ აზრზე მოახდინოთ მანიპულირება, რაც არასდროს არ გამოგივათ“, – მიმართა მამუკა მდინარაძემ უმცირესობის წარმომადგენლებს. მისი თქმით, ერთ მხარეს არის ხალხი, ვენეციის კომისია, ყველა ობიექტური დამკვირვებელი და მეორე მხარეს უმცირესობის წარმომადგენლები ანტიდასავლურ ძალებთან ერთად. „საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს, აუცილებლად მიიღებს ამ კონსტიტუციას, აუცილებლად შეიტანს ყველა ცვლილებას მასში, რაც ხალხთან და ვენეციის კომისიის ექსპერტებთან კონსენსუსის შედეგად შეიძლება დადგეს და ჩვენ გვექნება კონსტიტუცია, რომელიც ქვეყნის ღირსეულ მომავალს და დემოკრატიულ განვითარებას უზრუნველყოფს“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, თუ რამ განაპირობა მოქმედი კონსტიტუციის შეცვლის აუცილებლობა, ეს ყველაზე კარგად იცის იმ პოლიტიკურმა ძალამ, რომელმაც პირადი ინტერესების გამო „იძალადა“ ქვეყნის უზენაეს კანონზე. „მოქმედ კონსტიტუციას ისეთი პოლიტიკური კრიზისების შექმნა შეუძლია, რომელიც ნებისმიერ დროს, ნებისმიერი თანამდებობის პირის ხელში არის უსერიოზულესი პოლიტიკური ინსტრუმენტი ამოაყირაოს ქვეყანა ერთ მშვენიერ დღეს“, – განაცხადა ეკა ბესელიამ. მისი თქმით, წარმოდგენილი ცვლილებები არ ემსახურება არცერთ პოლიტიკურ ძალას. „ეს არის ცვლილებები, რომელიც სჭირდება ქვეყანას, ეს არის ცვლილებები, რომელიც ასუსტებს მმართველი პოლიტიკური ძალის გავლენებს, მაგრამ აძლიერებს ქვეყანას, აძლიერებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, აბალანსებს ხელისუფლების შტოებს და აძლევს ადამიანებს თავისუფლებების და უფლებების მყარ გარანტიებს“, – აღნიშნა ეკა ბესელიამ.

უმცირესობის განცხადებებს გამოეხმაურა ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ წარმომადგენელი ადა მარშანია. „მე დეპუტატი ვიყავი მაშინაც და კარგად მახსოვს, ნაციონალური მოძრაობა სამშაბათს შეტანილ ცვლილებებს ხუთშაბათს რომ იღებდა“,- განაცხადა ადა მარშანიამ.

პარლამენტის თავმჯდომარე დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებებსა და მათ მიერ სხდომის დატოვებას გამოეხმაურა. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ბოიკოტი პროტესტის გამოხატვის მიღებული ფორმაა, თუმცა, ამ შემთხვევაში, ეს ბოიკოტის ნაცვლად – გაქცევაა. „ჩვენ ვიცით რომ ბოიკოტი არის ჩვეულებრივი, მიღებული პროტესტის გამოხატვის ფორმა. ამ შემთხვევაში კი ეს არ არის ბოიკოტი. ეს გაქცევაა. ჩვენ ამას ვხედავთ არა პირველად, არამედ უკვე მესამედ. ყველაფერი დაიწყო სახელმწიფო-საკონსტიტუციო კომისიით. გაიქცა ოპოზიცია დარბაზიდან მაშინ, როდესაც კანონპროექტი ითვალისწინებდა პროპორციული საარჩევნო სისტემის ამოქმედებას 2020 წლიდან. დღეს ამბობენ, რომ თითქოს ეს იყო კონსენსუსის მიღწევის ქვაკუთხედი. აქედან გამომდინარე, თქვენ თავად შეგიძლიათ განსაჯოთ, ეს იყო ბოიკოტი თუ ეს იყო გაქცევა. მეორედ ეს მოხდა აგვისტოში, როდესაც ვთხოვეთ ოპოზიციას, ჩამოეწერათ ის საკითხები, რომელთაც კონსტიტუციაში ასახვის შემთხვევაში, ისინი მხარს დაუჭერდნენ ცვლილებებს. ასეთი ჩამონათვალი ოპოზიციამ არ წარმოგვიდგინა. ეს იყო გაქცევა დიალოგის მაგიდიდან. მესამედ, დღეს ვხედავთ, რომ ოპოზიცია გაიქცა სხდომათა დარბაზიდან. რატომ ვუწოდებთ ამას გაქცევას და არა ბოიკოტს? იმიტომ, რომ ამ ყველაფერს აქვს თავისი კონკრეტული მიზეზი: როდესაც ოპოზიცია სვამს კითხვებს, მას ეშინია პასუხების მოსმენის. ყოველთვის გარბიან ისინი მაშინ, როდესაც დგება პასუხების გაცემის დრო“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, პრეზიდენტმა და ოპოზიციურმა პარტიებმა თანხმობის დოკუმენტი უწოდეს კონსტიტუციას, რომელიც რამდენიმე დღეში დაიწერა.

„თანხმობის დოკუმენტი უწოდა პრეზიდენტმა იმ დოკუმენტს, რომელიც მან შეადგინა 20 პარტიასთან ერთად. 20 პარტია საქართველოში ნამდვილად არ არსებობს. თანხმობის დოკუმენტი უწოდეს კონსტიტუციას, რომელიც რამდენიმე დღეში დაიწერა. ჩვენ მიგვითითებდნენ, რომ ნაჩქარევად წარიმართა პროცესი იმ დროს, როდესაც 4 თვე საკონსტიტუციო კომისია მუშაობდა მაღალკვალიფიციურ ექსპერტებთან ერთად. ეს არის დოკუმენტი, რომელსაც მხარს არ უჭერს ხალხის მიერ არჩეული 150 დეპუტატიდან 117 დეპუტატი, ეს არის თანხმობის დოკუმენტი, თუმცა 8 საპარლამენტო ფრაქციიდან 5 ფრაქცია მხარს არ უჭერს, ასევე მხარს არ უჭერს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, პარლამენტი იღებს კონსტიტუციას, რომელიც გაუძლებს დროს, გაუძლებს ათწლეულებს და რომელიც ქვეყნის გრძელვადიან, დემოკრატიულ განვითარებას უზრუნველყოფს.

„დიდი საქმეები დიდი წინააღმდეგობის გარეშე არ კეთდება. ჩვენ შეგვხვდა სერიოზული წინააღმდეგობა. საკონსტიტუციო ცვლილებების წინააღმდეგ მთელი შტურმი ვიხილეთ, თუმცა ეს წინააღმდეგობა დავძლიეთ. ამას ჰქონდა ერთი კონკრეტული მიზეზი – ჩვენ გვამოძრავებდა რწმენა, რომ ვაკეთებდით სწორ საქმეს, რომ შევიმუშავებდით დოკუმენტს, რომელიც გაუძლებდა დროს. ჩვენ გვახსოვს, სადამდე მიგვიყვანა დამახინჯებულმა კონსტიტუციებმა. ჩვენ გამოვიარეთ ავტოკრატიული და ნახევრადავტოკრატიული რეჟიმები. ამ რეჟიმების მთავარი საყრდენი სწორედ არადემოკრატიული კონსტიტუციები იყო, რომელიც მიიღეს 1995 წელს, 2004 წელს და რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მემკვიდრეობით 2010 წლის საკონსტიტუციო ცვლილებების საფუძველზე გადმოგვცა. ჩვენი ისტორიული მისია და ამოცანა იყო ამ მახინჯი კონსტიტუციის ჩანაცვლება ძალიან დახვეწილი კონსტიტუციით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიანა დოლიძე – დღეს ჩვენ მივიღეთ დოკუმენტი, რომელიც არავისი არ არის, გარდა ერთი პარტიისა
შემდეგი სტატიამესმოდა დედის თავგანწირული ხმა-მე დედა დამიხვრიტეს!!!