საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ლუიშ კაპულას სანტოს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ლისაბონში შეხვედრებს განაგრძობს. ქართველი კანონმდებლები პორტუგალიის პარლამენტის ევროპის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ლუიშ კაპულას სანტოს და კომიტეტის წევრებს პაულო მონიზს, ფაბიოლა კარდოსოს და პაოლო პისკუს შეხვდნენ, რომლებიც პორტუგალიის პარლამენტში სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებს წარმოადგენენ.

მხარეებმა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეულ პროგრესზე და ევროკავშირში ინტეგრაციის შემდგომ ნაბიჯებზე იმსჯელეს, მათ შორის საქართველოს მიერ 2024 წელს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის გაკეთების გეგმებზე. ყურადღება ასევე გამახვილდა დეკემბერში დაგეგმილ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის მნიშვნელობასა და მოლოდინებზე და ხაზი გაესვა „ასოცირებული სამეულის“ საერთო ევროპულ მისწრაფებებს.

თავის მხრივ, ლუიშ კაპულას სანტო და კომიტეტის წევრები მიესალმნენ საქართველოს მიერ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიღწეულ პროგრესს. პორტუგალიელი კანონმდებლები მიიჩნევენ, რომ საქართველო იმსახურებს ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებას და ამ პროცესის მიმართ მათი ცალსახა მხარდაჭერა გამოხატეს.

შეხვედრისას, ქვეყნებს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები აღინიშნა. ყურადღება გამახვილდა, როგორც საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების გაძლიერებაზე, ასევე სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ტურიზმის, ხალხთა შორის კონტაქტების, ბიზნეს კავშირებისა და პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის ხელშეწყობის მნიშვნელობაზე. ასევე, პორტუგალიელმა კანონმდებლებმა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ უპირობო მხარდაჭერა დაადასტურეს.

პორტუგალიაში ორდღიანი ვიზიტით საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია და პორტუგალიასთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ლევან ქარუმიძე იმყოფებიან.

banner
წინა სტატიაშიზალკალიანი – ამერიკის თავდაცვის მდივნის საქართველოში ვიზიტი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ მკაფიო მხარდაჭერის მორიგი გზავნილია
შემდეგი სტატიაგოცირიძე – რომელ მზრუნველობაზეა საუბარი, საქილიკოდ გახადეს ერთი კოვზი თაფლი