საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია აბაშიძე-კარასინის მორიგი შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

news
ავტ.: news ოქტომბერი 20, 2016 12:40

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია აბაშიძე-კარასინის მორიგი შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე, ქართულ-რუსული არაფორმალური დიალოგის ფარგლებში, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, გრიგორი კარასინს შეხვდა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მორიგ შეხვედრაზე, რომელიც 19 ოქტომბერს პრაღაში გაიმართა, ზურაბ აბაშიძემ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებსა და საოკუპაციო ხაზთან შექმნილ რთულ ვითარებაზე გაამახვილა ყურადღება. ხაზი გაესვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების განსაკუთრებულ მნიშვნელობას, როგორც რუსეთსა და საქართველოს შორის არსებული უსაფრთხოებასთან დაკავშირებული და ჰუმანიტარული საკითხების განხილვის უმთავრეს ფორმატს.

როგორც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრაზე განიხილეს პრაღის ფორმატის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები – სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო და ჰუმანიტარულ სფეროში ურთიერთქმედების გაღრმავების პერსპექტივები. მიღწეულია კონკრეტული შეთანხმებები რუსეთის ბაზარზე საქართველოდან ექსპორტის, ასევე სატრანსპორტო გადაზიდვების ზრდის კუთხით. აღინიშნა, რომ მხარეები ხელს შეუწყობენ ორი ქვეყნის ბიზნესწრეებს შორის საქმიანი კონტაქტების განვითარებას. ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ 2016 წლის 9 თვის განმავლობაში ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა, ასევე მნიშვნელოვნად იმატა საქართველოში რუსი ტურისტების რაოდენობამ.

მათვივე ცნობით, პოზიტიურად შეფასდა ის გარემოება, რომ უახლოეს პერიოდში, ქართული ფილმების არქივის რუსეთიდან საქართველოში დაბრუნების პროცესი დაიწყება, რის შესახებაც საზოგადოებას დეტალურ ინფორმაციას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო მიაწვდის.

“შეხვედრაზე ზურაბ აბაშიძემ დაადასტურა, რომ ქართულმა მხარემ დაასრულა მუშაობა 2011 წელს „საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმებთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპების შესახებ“ შეთანხმებით გათვალისწინებულ დოკუმენტებზე და ამჟამად ქართული მხარე რუსეთის მხარის კონკრეტულ ინფორმაციას ელოდება. შეხვედრისას ასევე განიხილეს ჰუმანიტარული – კერძოდ, საქართველოს იმ მოქალაქეებთან დაკავშირებული საკითხები, რომლებიც რუსეთის ფედერაციაში, ჯაშუშობის ბრალდებით, სასჯელს იხდიან. აღინიშნა, რომ განვლილ პერიოდში საკუთარ ოჯახს საქართველოს 7 მოქალაქე დაუბრუნდა. რუსული მხარის განცხადებით, მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს მოქალაქეებისათვის სავიზო რეჟიმის შემდგომი გამარტივების მიზნით”,-ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის მორიგი შეხვედრის თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

news
ავტ.: news ოქტომბერი 20, 2016 12:40

Google სტატისტიკა


3,399
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics