საქართველოს მთავრობამ ევრობონდების სახით $500-მილიონიანი საგარეო ვალი აიღო

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ $500-მილიონიანი ევრობონდების გამოშვების პროცესი დაასრულა. ახალი საგარეო ვალი 5-წლიანია და მისმა საპროცენტო განაკვეთმა 2.75% შეადგინა.

საქართველოს მთავრობამ ახალი ვალი ათი წლის წინ, 2011 წელს გამოშვებული $500-მილიონიანი ევრობონდების დასაფარად აიღო.

ტრანზაქციის განხორციელებაში საქართველოს საერთაშორისო და ადგილობრივი საინვესტიციო ბანკები ეხმარებოდნენ, კერძოდ, JP Morgan, Goldman Sachs, ICBC Standard, TBC Capital და Galt & Taggart.

შეგახსენებთ, რომ 12 აპრილს, საქართველოს მთავრობის მიერ 2011 წელს გამოშვებული ევროობლიგაციის ძირი თანხის, $500 მილიონი დოლარის დაფარვის უკანასკნელი დღე იყო და საგარეო ვალის დაფარვის მიზნით საქართველოს მთავრობა რეფინანსირების სახით ახალი $500-მილიონიანი ევროობლიგაციების განთავსებას გეგმავდა.

2011 წლიდან მოყოლებული, ევროობლიგაციების საპროცენტო მომსახურებისთვის საქართველო წლიურად 34.5 მილიონ დოლარს იხდიდა. ათი წლის განმავლობაში კი თითქმის 345 მილიონი დოლარი გადაიხადა, ანუ $500-მილიონიანი ვალის მხოლოდ გადავადების მიზნით, ქვეყანამ $345 მილიონი დახარჯა.

ახალი საგარეო ვალის საპროცენტო განაკვეთის გათვალისწინებით, ქვეყანას ყოველწლიურად 13.7 მილიონი დოლარის გადახდა მოუწევს.

ლარის გაუფასურებასთან ერთად იზრდება დასაფარი ვალის ძირი თანხის ღირებულებაც. 2011 წელს, ევროობლიგაციების განთავსების დროს, 500 მილიონი დოლარი 830 მილიონი ლარის ტოლი იყო, თუმცა დღეს, 2021 წელს, მის დასაფარად თითქმის ორჯერ მეტი თანხაა საჭირო, კერძოდ, 1.71 მილიარდი ლარი.

banner
წინა სტატიაშიკორონავირუსის ვაქცინით ჯამში სულ 26 427 პირი აიცრა
შემდეგი სტატიაკომპანია „ენკამ“ მზადყოფნა გამოთქვა „ნამახვანჰესის“ პროექტის არსებული კვლევები ექსპერტთა საბჭოს გადასცეს