საქართველოს მთავრობამ დაიწყო ბიზნესის ხელშეწყობის ახალი პროექტი – „სტარტაპ მეგობრული“

ტექნოპარკში ახალი პროექტის – “სტარტაპ მეგობრულის” პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ესწრებოდა.

“სტარტაპ მეგობრულის’’ მიზანია, ქვეყანაში შეიქმნას ისეთი ბიზნესგარემო, რომელიც წაახალისებს ადამიანებს დაიწყონ ბიზნესი და ბიზნესსაქმიანობას გახდის უფრო მარტივს და ხელმისაწვდომს.

პროექტის ფარგლებში დამწყებ ბიზნესებს – “სტარტაპებს” შესაძლებლობა მიეცემათ, დაამყარონ ურთიერთობა სახელმწიფოსთან და მსხვილ კომპანიებთან, რომლებიც თავის მხრივ სტარტაპებს მხარს დაუჭერენ სერვისების მიწოდების, სამუშაო სივრცეების შექმნის, ფინანსური თუ საგანმანათლებლო რესურსების მოძიების და სხვა სახის დახმარების უზრუნველყოფით.

როგორც პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, “სტარტაპ მეგობრული“ გულისხმობს ახალ “სტარტაპებსა” და მსხვილ, დამკვიდრებულ კომპანიებს, წარმატებულ ბიზნესებს შორის ურთიერთობის ფორმატის ჩამოყალიბებას.

„ეს ფორმატი აუცილებელია იქიდან გამომდინარე, რომ ნებისმიერ სტარტაპს სჭირდება კომუნიკაცია ახალ ტექნოლოგიებთან და დიდ კაპიტალთან. ამიტომ, ეს ფორმატი სწორედაც არის ის ხიდი, რომელიც საშუალებას მისცემს ახალგაზრდა, დამწყებ ბიზნესმენებს, ჰქონდეთ გასასვლელი ჭიშკარი დიდი ბიზნესის მიმართულებით. მოხარული ვარ, რომ იმ ადამიანებმა, რომლებიც ერთ დროს თავად იყვნენ ასეთი დამწყები ბიზნესმენები, დღეს გამოიჩინეს კეთილი ნება. ჩემს შემდეგ გამოდის მამუკა ხაზარაძე, რომელმაც 500 დოლარით დააფუძნა „თი ბი სი ბანკი“. ასეთი მაგალითებით იქმნება ქვეყნის ეკონომიკა. ასეთი მაგალითების ენთუზიაზმი არის ის, რასაც ქვეყანა წინ მიჰყავს“,-აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, „სტარტაპ მეგობრული“ იქნება ის ფორმატი, რომელიც წაახალისებს და ერთგვარად სოციალურ პასუხისმგებლობად აქცევს დიდი ბიზნესისთვის სტარტაპ კომპანიებთან მეგობრობას.

„გილოცავთ დღევანდელ დღეს, დარწმუნებული ვარ, ეს ნაბიჯი არის აუცილებელი კომპონენტი, რომელიც დამწყებ ბიზნესმენებს მოგცემთ საშუალებას, გახდეთ დიდი ეკონომიკის ნაწილი. თქვენ ხართ დიდი ეკონომიკის საუკეთესო ნაწილი. ერთ-ერთი მთავარი შედეგიც ამ პროექტის გახლავთ ის, რომ მსხვილმა ბანკებმა სტარტაპებს არ შეხედონ, როგორც გერს. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან მეც საკმაოდ დიდი გამოცდილების მქონე ბანკირი ვარ და ვიცი ბანკებში ჩამოყალიბებული პრაქტიკა. ამიტომ, ჩვენ, როგორც სტარტაპ ეკონომიკას, გვჭირდება სხვანაირი მიდგომები, მსხვილი კომპანიების მხრიდან მეგობრული დამოკიდებულება ასეთი დამწყები, ინოვაციურად მოაზროვნე ბიზნესმენებისადმი. გილოცავთ დღევანდელ დღეს და დარწმუნებული ვარ, ეს არ იქნება ერთ-ერთი ბოლო ნაბიჯი. ჩვენ გვაქვს ძალიან საინტერესო გეგმები, რომელიც ყველ თქვენგანს გაცილებით მეტი ენთუზიაზმით აღავსებს“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი : “სტარტაპებს” მსხვილმა ბანკებმა არ უნდა შეხედონ, როგორც გერს
შემდეგი სტატიაგიორგი მღებრიშვილი : სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ მეორე ტურიც ჩატარდება მშვიდ ვითარებაში