საქართველოს მთავარი პროკურორი საპროკურორო საბჭოს ერთი წლის მუშაობის ანგარიშს აცნობს

იუსტიციის სამინისტროში საპროკურორო საბჭოს სხდომა მიმდინარეობს, სადაც მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე საპროკურორო საბჭოს წევრებს ერთი წლის ანგარიშს წარუდგენს.

როგორც საპროკურორო საბჭოს სხდომის დაწყებამდე მთავარმა პროკურორმა ჟურნალისტებთან განაცხადა, ანგარიშში ასახულია ყველა რეფორმა და სიახლე, რაც მისი მთავარ პროკურორად არჩევის შემდეგ უწყებაში განხორციელდა.

“ერთი წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც არჩეული ვარ საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობაზე. ეს არის მეორე ანგარიში, რომელსაც საპროკურორო საბჭოს წარვუდგენ. ანგარიშში საუბარი იქნება პროკურატურის საქმიანობაზე ერთი წლის განმავლობაში, განხორციელებულ რეოფრმებზე, ჩვენი სისტემის განვითარებისათვის გადადგმულ ნაბიჯებზე. ასევე, ჩვენი თანამშრომლების, პროკურორების თავისუფლების და დამოუკიდებლობის განმტკიცებისკენ გადადგმულ ნაბიჯებზე და პროკურატურის პრიორიტებებზე”- განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

რაც შეეხება მეტ კონკრეტიკას,თუ რა ძირითად რეფორმებზე იქნება საუბარი მთავარი პროკურორის ანგარიშში, ირაკლი შოთაძის განცხადებით, მოხსენებაში ყურადღებას გაამახვილებს ისეთ საკითხებზე, როგორიც არის კოლეგიური ორგანოს საკონსულტაციო საბჭოს საქმიანობა, რომლის ფარგლებშიც უკვე ერთი წელია, პროკურატურის თანამშრომლების მიმართ დისციპლინური და წახალისების ზომების მიღებისა და რეკომენდაციების შემუშავება ხდება.

“საკონსულტაციო ორგანო საკმაოდ ეფექტურად მუშაობს. დისციპლინური ღონისძიებების გატარება არ ხდება ერთპიროვნული გადაწყვეტილებით. ასევე, საუბარი იქნება სწავლების კურსებსა და ტრენინგებზე, რასაც ჩვენ ვახორციელებდით ერთი წლის განმავლობაში, ჩვენი პროკურორების პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით. ასევე, საუბარი იქნება, თუ რა მიდგომები გვაქვს კონკრეტულ დანაშაულებებზე ,აქ საუბარია, როგორც სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელებაზე, ასევე აღკვეთი ღონისძიებების გამოყენებასა და საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე. კონკრეტულად საუბარი იქნება ისეთ დანაშაულებებზე, როგორიც არის ძალადობრივი და კორუფციული დანაშაულებები”,-აღნიშნა შოთაძემ.

banner
წინა სტატიაშიეუთო-ს მუდმივი საბჭოს ფარგლებში, რუსეთის მიერ დეფაქტო აფხაზეთთან გაფორმებული ე.წ. შეთანხმების რატიფიკაციის საკითხი განიხილეს
შემდეგი სტატიადიმიტრი ქუმსიშვილი ფინანსთა სამინისტროში მუშაობას შეუდგა