საქართველოს მსგავსად, ჩვენც ვცდილობთ, ვითამაშოთ ხიდის როლი, რომ მეზობლები ერთმანეთთან დავაკავშიროთ – მონტენეგროს პრემიერი

საქართველოს მსგავსად, მონტენეგროც ცდილობს, ითამაშოს ხიდის როლი, რომ ჩვენი მეზობლები ერთმანეთთან დავაკავშიროთ, წარსულს ვერ შევცვლით, ერთადერთი, რისი შეცვლაც შეგვიძლია, არის მომავალი, უფრო მეტად დავამკვიდროთ მშვიდობა და სტაბილურობა, მეტი პროექტი განხორციელდეს და უფრო მეტი ინფრასტრუქტურა აშენდეს, – ამის შესახებ მონტენეგროს პრემიერ-მინისტრმა, დრიტან აბაზოვიჩმა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, აბრეშუმის გზასთან დაკავშირებით ინიციატივები მნიშვნელოვანი იქნება მომავლისთვის, მაგრამ მშვიდობის გარეშე შეუძლებელი იქნება პროგრესის შენარჩუნება.

„მივესალმებით ფორუმის მონაწილეებს და მივულოცავ საქართველოს მთავრობას და ჩვენს მეგობარს, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს შესანიშნავი ღონისძიების ორგანიზებას. მე მონტენეგროდან ვარ და ჩემი ქვეყანა ძალიან ჰგავს საქართველოს ბევრი ასპექტით. ჩვენ დასავლეთ ბალკანეთში მდებარე ქვეყანა ვართ და როგორც საქართველო, ჩვენც ვცდილობთ, ვითამაშოთ ხიდის როლი, რომ ჩვენი მეზობლები ერთმანეთთან დავაკავშიროთ, ადამიანები ერამანეთთან დავაკავშიროთ და ვნახოთ, რამდენად შეიძლება, რომ უფრო მეტი სიბრძნით და გონებით, მეტი კარგი რამე გავაკეთოთ ევროპის ყველა ქვეყნისთვის. ჩვენ წარსულს ვერ შევცვლით, ერთადერთი, რისი შეცვლაც შეგვიძლია, არის მომავალი, უფრო მეტად დავამკვიდროთ მშვიდობა და სტაბილურობა, მეტი პროექტი განხორციელდეს და უფრო მეტი ინფრასტრუქტურა რომ აშენდეს, ასევე, ერთმანეთთან რომ დავაკავშიროთ ადამიანები. განსაკუთრებით მუვულოცავ ბატონ ირაკლის, რადგან მან დღეს აქ თავი მოუყარა ჩვენს ორ კოლეგას, ჩემს მეგობრებს, აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს, ასევე, სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ორ ქვეყანას, რომლებიც მონტენეგროს მეგობრებიც არიან. ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა, რომ ვისაუბროთ მნიშვნელოვან პროექტებზე, რაც მნიშვნელოვანია რეგიონის მომავლისთვის, მნიშვნელოვანია, როგორც ევროპისთვის, ასევე აზიისთვის. დღესდღეობით, გლობალურ სამყაროში აღარ არის უკვე მნიშვნელოვანი, რამდენად დიდია რომელიმე ქვეყანა, უფრო მნიშვნელოვანია, რამდენად დიდია იდეა, რომელიც ჩვენ გვაქვს და რომელიც შეიძლება, რომ ჩვენ განვახორციელოთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვისაუბროთ წვდომაზე, ვისაუბროთ გზებზე, ასევე, აეროპორტებზე, საზღვაო პორტებზე, მივაღწიოთ შეთანხმებას, რომ ადამიანებს მიუწვდებოდეთ ხელი ამაზე, ასევე, ხალხისა და პროდუქტების, საქონლის გადაადგილებისთვის წვდომა გვქონდეს ამ გზებზე.

აბრეშუმის გზასთან დაკავშირებით რა ინიციატივაც კი მოვისმინეთ ჩვენი კოლეგებისგან, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება როგორც მომავლისთვის, ასევე მშვიდობისთვის, მაგრამ მშვიდობის გარეშე შეუძლებელი იქნება პროგრესის შენარჩუნება. დღეს ჩვენ ძალიან დიდი გლობალური გამოწვევების წინაშე ვდგავართ. კორონავირუსის შემდეგ, რომელმაც ბევრი ეკონომიკა გაანადგურა, რაშიც შედის მონტენეგროს ეკონომიკაც, რადგან ჩვენი ქვეყანა ძალიან იყო დამოკიდებული ტურიზმის სექტორზე. ახლა ვცდილობთ, აღვადგინოთ ჩვენი ეკონომიკა კოვიდის შემდეგ. წელს მონტენეგროს ისტორიაში საუკეთესო ტურისტული სეზონი ჰქონდა და ჩვენი პარამეტრები ყველანაირ მოლოდინს სცდება. ადამიანებმა კვლავ დაიწყეს გადაადგილება და მოგზაურობა. სხვათა შორის, ხაზი უნდა გავუსვა ასევე ჩინეთის მდგომარეობას, რომ ამდენი წელი იყო ჩაკეტილი. უკვე შეგვიძლია, რომ ჩინეთიდანაც ჩამოვიდნენ ადამიანები. ჩვენს ქვეყანაში კიდევ დიდი პრობლემა იყო, რადგან მიმდინარეობს ომი რუსეთსა და უკრაინას შორის. ჩვენი ბაზრის 20 პროცენტი დამოკიდებული იყო რუსეთზე, უკრაინასა და ბელარუსზე, მაგრამ ჩვენ გამოსავალი მოვძებნეთ და შევეცადეთ, რამენაირად აგვეთვისებინა ახალი მიმართულებები. მართალია, რომ ჩვენ პირველი ავტომაგისტრალი მონტენეგროში გავხსენით და ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ავტომაგისტრალი მსოფლიოში, მაგრამ არ გვინდა, აქ გავჩერდეთ. ჩვენი ხედვაა, მომავალ წელს განვაგრძოთ ისევ ავტომაგისტრალის მშენებლობა, რომელიც ქვეყნის ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილს დააკავშირებს სერბეთთან, ბართან, რომელიც მონტენეგროს პატარა ქალაქია, ასევე დააკავშირებს ბუდაპეშტთან, ბელგრადთან, პორტებთან. ჩვენ შევეცდებით, რომ ეს გზა გავიდეს ალბანეთის საზღვრებთანაც, ბოსნია-ჰერცეგოვინასთან და ხორვატიასთანაც. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გზა. სხვათა შორის, მე ბატონ ალიევს, აზერბაიჯანის პრეზიდენტს ვესაუბრე, გაზის ტრანსპორტირების მილსადენი არის მნიშვნელოვანი, ჩვენ არ ვართ ამის ნაწილი, მონტენეგრო არ არის მიერთებული, მაგრამ მთელი იდეა ისაა, რომ საბერძნეთის გავლით, ალბანეთის გავლით, საბოლოო ჯამში ჩვენ გვინდა, ეს ხორვატიამდეც მივიდეს და შემდეგ უკვე მონტენეგროშიც შემოვიდეს. ეს არის გზა, რაც შეიძლება, მართლაც განხორციელდეს და ნამდვილად ვიცით, რომ ენერგოკრიზისი გვქონდა, მაგრამ ჩვენ არ გვიგრძვნია ენერგოკრიზისი, ძალიან ვამაყობ ჩემი კოლეგების მუშაობით, რადგან ამ სიტუაციაში მონტენეგრომ მაინც შეძლო კარგი შედეგების დადება“, – განაცხადა მონტენეგროს პრემიერმა.

banner
წინა სტატიაშითეონა ჭალიძემ სოციალური პროგრამების საარჩევნო მიზნებისთვის შესაძლო გამოყენების საკითხებზე მესამე სექტორთან შეხვედრა გამართა
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ რადიკალური დღის წესრიგის ნაწილია – პაპუაშვილი