“საქართველოს მოსახლეობას ეძლევა შანსი, რომ ერთხელ და სამუდამოდ ქვეყანაში დავამთავროთ ერთპარტიული მმართველობა”

„ერთიანი საქართველო–დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე საქართველოს მოსახლეობას მესამე მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილების მოღება ულოცავს.

მისი თქმით, ცვლილებები ქვეყანაში მრავალპარტიულ სისტემას უზრუნველყოფს.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა, რადგან რეალურად საქართველოს მოსახლეობას ეძლევა შანსი, რომ ერთხელ და სამუდამოდ ქვეყანაში დავამთავროთ ერთპარტიული მმართველობა, ხელისუფლების უზურპაცია, მესიანიზმი და ქვეყანა მართოს პარლამენტმა და მის მიერ არჩეულმა მთავრობამ სწორედ ხალხის მიერ მიცემული ხმების საფუძველზე. ეს არის მართლაც უმნიშვნელოვანესი, ისტორიული ნაბიჯი ჩვენი ქვეყნისთვის“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

ბურჯანაძის შეფასებეით, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება მოსახლეობის, ოპოზიციის, დიალოგის მონაწილე ელჩებისა და საერთაშორისო თანამეგობრობიდან ყველა მხარდამჭერის ერთობლივი მონაპოვარია.

„ტყუილად ნუ ეცდება „ქართული ოცნება“, რომ შეეცადოს, თავისი თავისთვის მიიწეროს ეს ძალიან დიდი წარმატება და პოზიტიური ნაბიჯი. საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად, ჩვენ ერთი წელი დაგვჭირდა იმისთვის, რომ მიგვექცია „ქართული ოცნება“, მოგვეყვანა ოდნავ მაინც გონს და „ქართული ოცნებისთვის“ ხელიდან გამოგვეგლიჯა დაპირებული და შემდეგ ჩაგდებული პროპორციული სისტემა.

ის 117 ხმა, რომელიც კანონპროექტმა განხილვის დროს მიიღო, არის არა „ქართული ოცნების“, არამედ ოპოზიციისა და საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენლების ხმები. რომ არა ოპოზიციური მაგიდის ერთობა და საერთაშორისო თანამეგობრობის უპრეცედენტო ზეწოლა, კონსტიტუციური ცვლილებები ვერც ერთ შემთხვევაში ვერ გავიდოდა.

ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც იბრძოლა კონტიტუციური ცვლილებების მოსაპოვებლად. ახალგაზრდებს, კოლეგა ოპოზიციონერებს, რომლებიც შეკრებილები ვიყავით შალვა ნათელაშვილის ოფისში, ჩვენს ფასილიტატორ ელჩებს, აშშ-ში, ევროკავშირის, ევროსაბჭოსა და გერმანიის ელჩებს, საგანგებო მადლობები აშშ-ის კონგრესის, სენატის წარმომადგენლებს, ევროპარლამენტის, ევროსაბჭოს წარმომადგენლებს და დასავლეთში ყველა იმ ჩვენს მეგობარს, რომელიც ყველაფერს აკეთებდა, რათა საქართველოს მოსახლეობას ქართულ პარლამენტში მრავალპარტიულობა მოეპოვებინა“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

banner
წინა სტატიაში“სასურველია, რომ ისეთ მოთამაშესა და მეგობარს, როგორიც გერმანიაა, საქართველოში უფრო გამოცდილი ელჩი ჰყავდეს”
შემდეგი სტატიათამარ გაბუნია – „დექსამეტაზონმა“ აჩვენა რეალური შედეგი „კოვიდ-19“-ით დაავადებული პაციენტების მართვაში