საქართველოს მოსახლეობა აშშ-ის სანქციების ქვეშ დიდი ხანია იმყოფება. რუსეთიდან აშშ-ში წამსვლელთა ვიზის მოთხოვნების დაკმაყოფილება, სამჯერ, ხოლო სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან ოთხჯერ მაღალია, ვიდრე საქართველოს მოქალაქეებისთვის. გამოდის, ამ 30 წლის განმავლობაში, საქართველოს მოქალაქეები დე ფაქტო სანქციების ქვეშ არიან, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეებს შეერთებულ შტატებში მოსახვედრად მექსიკის გავლით 20-30 ათასი დოლარის გადახდა უწევთ, რაც ძალიან მიუღებელი დამოკიდებულებაა სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან.
„საქართველოს მოსახლეობა დიდი ხანია, პრაქტიკულად სანქციების ქვეშაა. რუსეთიდან აშშ-ში წამსვლელების ვიზის მოთხოვნების დაკმაყოფილება, დაახლოებით ორი-სამჯერ მაღალია, ვიდრე საქართველოში. ასევე, სამჯერ და ოთხჯერ მაღალია ჩვენს მეზობელ ქვეყნებში სომხეთისა და აზერბაიჯანის მოქალაქეებისთვის, ვიდრე საქართველოს მოქალაქეებისთვის. საქართველოს მოქალაქეების მოთხოვნების დაკმაყოფილების პროცენტი, დაახლოებით 15%-ს შეადგენს, რაც ძალიან დაბალია. პრაქტიკულად, გამოდის, რომ საქართველოს მოქალაქეები ამ 30 წლის განმავლობაში, რაც დამოუკიდებლები ვართ, დე ფაქტო სანქციების ქვეშ არიან. მათ უხდებათ მექსიკაში წასვლა და 20-30 ათასი დოლარის გადახდა, რომ აშშ-ში შევიდნენ. ეს ძალიან მიუღებელი დამოკიდებულებაა სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
მისი თქმით, როდესაც აშშ-ის მხრიდან დახმარებაზე მიდის საუბარი, იმ „ენჯეოების“ დაფინანსებას ხმარდება, რომლებიც საქართველოს ხელისუფლების გადადგომას ითხოვენ და აქციებს აწყობენ.
„საბოლოოდ, ეს ყველაფერი იმდენად აზიანებს საქართველოს ეკონომიკას, რომ ის ათი პროცენტიც არ იქნება იმის, რა მოგებასაც მივიღებდით, ასე რომ არ აყანყალებდნენ „ენჯეოები“ ამ დახმარებით საქართველოს. თუ დახმარება შეწყდება, იმ „ენჯეოებმა“ იდარდონ, რომლებიც ამ დახმარებას იღებდნენ. საუბარია 6- მილიარდიან დახმარებაზე. საბოლოო ჯამში 6 მლრდ-ს კი ამბობენ, მაგრამ, დაახლოებით 4/5- მლრდ-ია, საიდანაც ერთი მილიარდი ისევ ამერიკელ ექსპერტებს მოხმარდა. 3/5 მილიარდი დარჩა, საიდანაც 2,5 მილიარდი 2008 წლის ომის შემდგომ მივიღეთ, რომლის თავიდან აცილებაც შეიძლებოდა, ამერიკის აგენტურა რომ არ ყოფილიყო ქვეყნის სამსახურში. ომი რომ არ ყოფილიყო და ომის დროს ეკონომიკური ზრდა, გაცილებით მეტად განვითარდებოდა საქართველოს ეკონომიკა, ვიდრე ეს 2,5 მილიარდია“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.
რაც შეეხება ამერიკის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო მისიებში საქართველოს წვლილს, როგორც სოზარ სუბარი ამბობს, ამ მისიებში ქართველ სამხედროებს მონაწილეობა, რომ არ მიეღოთ, „დაახლოებით ორი მილიარდი დოლარით მეტი დაუჯდებოდა აშშ-ს მხოლოდ ავღანეთში მისია“.
„საქართველომ უზარმაზარი თანხა გაიღო ამ მისიის დაფინანსებაში. საქართველოს ბევრმა ჯარისკაცმა სიცოცხლე გასწირა და ბევრის შშმ პირად დარჩა. ეს ჩვენი წვლილია, რასაც ამ საერთაშორისო პარტნიორობაში ვდებთ. ამიტომ, დასაყვედრებელი არავისგან არაფერი გვაქვს. ვერავინ ვერ დათვლის, რა ღირს თუნდაც ერთი ჯარისკაცის სიცოცხლე“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.