საქართველოს მოქალაქის მკვლელობის საქმეზე ყაზახეთში საქმე აღიძრა

რეზონანსული საქმე, რომელიც ორჯერ დაუბრუნდა პროკურატურას, სასამართლომ წარმოებაში მიიღო. საქართველოს მოქალაქის მკვლელობის საქმეში, რომელიც ყაზახეთის ქალაქ ყარაგანდაში მოხდა, რვა პირია ეჭვმიტანილი. ორი ბრალდებული გირაოთია გამოშვებული და მათ ქვეყნის დატოვების უფლება არა აქვთ.

საქმის მასალების მიხედვით, 37 წლის საქართველოს მოქალაქე 2017 წლის 13 აპრილს ჩავიდა ყაზახეთში, ქალაქ ყარაგანდაში. ალმატიდან საქართველოში გამოფრენისას მას სამი პირი დაუკავშირდა, რომელთაც მისი, როგორც ჰაკერის დაქირავება უნდოდათ ბანკებიდან არაკანონიერი ტრანზაქციების განსახორციელებლად.
დაღუპულმა დაკავებულები დააჯერა, რომ მას შეეძლო ანგარიშებიდან თანხების მოხსნა. დაპატიმრებულებმა მას ბინა უქირავეს.
რამდენიმე დღეში ქართველმა ყაზახებს სერთიფიკატი მისცა, თითქოსდა ჩინური ბანკიდან გამოგზავნილი, სადაც ეწერა, რომ ანგარიშზე 24 მილიონი დოლარია, რომელიც ქართველმა ჰაკერმა სხვადასხვა ქვეყნებიდან მოიპარა და ერთ ანგარიშზე დასვა. ამასთანავე, მან ყაზახებს უთხრა, რომ თანხის განაღდება მხოლოდ ჩინეთშია შესაძლებელი – ყაზახური მედია წერს.

დაკავებულებმა ერთ მეგობარს, რომელსაც ფრენებზე ფასდაკლებები ჰქონდა, ჩინეთში წასვლა სთხოვეს. ის ჩინეთში ყალბი სერთიფიკატის გამო დააპატიმრეს და სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ჩინეთში გაგზავნილი წარმომადგენლის დაკავების შემდეგ, ჰაკერის დამქირავებლები ქართველის ბინაში მივიდნენ და ის სასტიკად სცემეს. ასევე, ისინი მისგან ანგარიშის ნომრების გატეხვას მოითხოვდნენ. მოკლული დროის გაწელვას ცდილობდა და თან გაქცევას გეგმავდა, რომელიც მან ერთხელაც მოახერხა, მაგრამ დაკავებულებმა ის საავადმყოფოში იპოვეს და ისევ უკან დააბრუნეს. ასევე, გარდაცვლილი აიძულეს, დედასთან დაერეკა და თანხის გადაგზავნა ეთხოვა. დედამ, რომელმაც ნახა, რომ მისი შვილი ნაცემი იყო, მას 100 დოლარი გადაუგზავნა. დამანაშავეთა ჯგუფი, სადაც თავდაპირველად სამი ადამიანი იყო, რვამდე გაიზარდა. ყველა მათგანი კვირების მანძილზე ცემდნენ საქართველოს მოქალაქეს. საბოლოოდ ის მიყენებული დაზიანებებისგან გარდაიცვალა.

გარდაცვლილის დედას არ უჩივლია. დაკავებულებს ბრალი ადამიანის გატაცებაში, უკანონო დაკავებაში, ცემაში, მკვლელობასა და დანაშაულის დაფარვაში წაუყენეს.
ქართველის სახელი და გვარი არ ქვეყნდება.

banner
წინა სტატიაშიტაჯიკი “საზრიანი” საქართველოს თავშესაფარს სთხოვს
შემდეგი სტატიადეკანოზი ილია ჭიღლაძე: კვლავ აფხაზეთის ეპარქიის ბედზე