საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად დღეს ავიარეისი მადრიდიდან განხორციელდება

სავარაუდოდ მალაიზიური ბოინგის ნაწილების კვალს მიაგნეს

საქართველოს ხელისუფლება განაგრძობს უცხოეთში მყოფი მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივად და ორგანიზებულად დაბრუნების პროცესს. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, დღეს შესრულდება ჩარტერული რეისი მადრიდიდან თბილისის მიმართულებით, – ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მგზავრთა შორის არიან განსაკუთრებული საჭიროებებისა და ქრონიკული დაავადებების მქონე პირები, ორსული ქალები, სტუდენტები, არასრულწლოვანი მოქალაქეები და ესპანეთის სამეფოში პანდემიის გავრცელების გამო თავშესაფრის გარეშე დარჩენილი პირები.

„ბორტზე ასევე იქნებიან ტრანზიტული მგზავრები ლათინური ამერიკიდან, კერძოდ ურუგვაიდან. აღსანიშნავია, არგენტინაში საქართველოს საელჩოს მიერ არგენტინის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და მიგრაციის ეროვნულ სამსახურთან გამართული კონსულტაციების შედეგად, საქართველოს მოქალაქეებს უფლება მიეცათ, გადმოეკვეთათ ურუგვაი-არგენტინის საზღვარი, რომელიც ჩაკეტილია სანიტარული კრიზისის გამო. საზღვარზე მოქალაქეებს საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები დახვდნენ და მათი ბუენოს-აირესის აეროპორტში გადაყვანა უზრუნველყვეს, საიდანაც საქართველოს მოქალაქეები ესპანეთის მთავრობის მიერ საკუთარი მოქალაქეების რეპატრიაციის მიზნით განხორციელებული რეისით – ბუენოს-აირესი-მადრიდი, ესპანეთში ჩაფრინდნენ“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციაში.

მათივე ინფორმაციით, საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, უკვე შესრულდა რეისები მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქიდან, მათ შორის, ბერლინიდან, ვენიდან, ლონდონიდან, ათენიდან, აშშ-დან, ლარნაკიდან, ამსტერდამიდან, პეკინიდან, რომიდან, პარიზიდან, თელ-ავივიდან, ბარსელონიდან, ვარშავიდან.

„30 აპრილის მონაცემებით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს 17,072 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში, მთავრობის ხელშეწყობით, ორგანიზებულად დაბრუნდა 8,728 მოქალაქე. „კოვიდ-19“-ის გავრცელების პირობებში უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარების შესახებ ყოველდღიურად განახლებად ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ ვებგვერდზე აქვეყნებს“, – აცხადებენ საგარეო უწყებაში.

მათივე ცნობით, ახლო მომავალში, საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, დაგეგმილია შემდეგი ფრენების განხორციელება: 2 მაისი – პრაღა-ბათუმი, 5 მაისი – ათენი-თბილისი; 7 მაისი – ამსტერდამი-თბილისი; 9 მაისი – ბერლინი-თბილისი.

banner
წინა სტატიაშიპოლიციამ მეუღლის მიმართ ძალადობისა და შემაკავებელი ორდერის მოთხოვნების შეუსრულებლობის ბრალდებით ბათუმში ერთი პირი დააკავა
შემდეგი სტატიასაქართველოში ამ დროისთვის ახალი კორონავირუსის 539 შემთხვევა არის დადასტურებული, მათ შორის 178 გამოჯანმრთელდა