საქართველოს მოქალაქეები ისრაელში ლეგალურად დასაქმებაზე რეგისტრაციას დღეიდან შეძლებენ

საქართველოს მოქალაქეები ისრაელში ლეგალურად დასაქმებაზე რეგისტრაციას დღეიდან შეძლებენ. საქართველოს მოქალაქეების ისრაელში ლეგალურად დასაქმებას ისრაელის სახელმწიფოსა და საქართველოს მთავრობას შორის დადებული შეთანხმება ითვალისწინებს.

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, სამუშაოს მაძიებელი პირველად რეგისტრაციას ჯანდაცვის სპეციალურ სარეგისტრაციო პორტალზე გაივლის.

სააგენტოს ცნობით, ისრაელის შრომის ბაზარზე საქართველოს მოქალაქეებს დროებითი ლეგალური დასაქმება ერთი წლით შეეძლებათ. დასაქმება ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში დამხმარე მუშაკის პოზიციაზეა შესაძლებელი.

საქართველოში ისრაელის ელჩის, რან გიდორის განცხადებით, შეთანხმების საფუძველზე, საქართველოს 1 000-მდე მოქალაქე შეძლებს ისრაელში ჩასვლას და მუშაობას.

ელჩის თქმით, ისინი მაღალ შეფასებას აძლევენ იმ საკვალიფიკაციო და პროფესიონალურ მომზადებას, რომელსაც აღნიშნული სპეციალისტები საქართველოში გადიან.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაიას განცხადებით, შეთანხმების საფუძველზე, შინ მოვლის სპეციალისტებს ექნებათ საშუალება, ისრაელში დასაქმდნენ ერთი წლის განმავლობაში შესაბამისი ანაზღაურებით.

ამასთან, როგორც დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოში აცხადებენ, სამუშაოს ხანგრძლივობა იქნება სრული განაკვეთი.

„კერძოდ, კვირაში ექვსი სამუშაო დღე, კვირაში 42 საათი. თვის დარიცხული ხელფასი კვირაში 42-საათიანი სამუშაო გრაფიკით – 5 300 შეკელი (2021 წლის მარტის კურსის შესაბამისად, არის 1 600 აშშ დოლარის ექვივალენტი). ისრაელში ჩასული დასაქმებულები მიიღებენ ვიზას, რომელიც ძალაში იქნება ერთი წლის განმავლობაში, მოქმედების ვადის გაგრძელება შესაძლებელია მაქსიმუმ 63 თვემდე; სამუშაო ადგილების კვოტა – იგეგმება 1 000 საქართველოს მოქალაქის დასაქმება წლის ბოლომდე;

დასაქმების მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

განათლება – საშუალო სკოლა დამთავრებული; სახელმწიფოს მიერ აღიარებული სახლის პირობებში გასაწევი სამედიცინო დახმარება/მოვლის ტრენინგის გავლის დამადასტურებელი დიპლომი/სერტიფიკატი ან ექთნის/ექთნის თანაშემწის დიპლომი; ინგლისურ ან რუსულ ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა. უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე 25-დან 45 წლამდე; სიმაღლე: არანაკლებ 1.5 მეტრი. წონა: არანაკლებ 45 კგ; ფიზიკურად და ფსიქიკურად ჯანმრთელი; ნასამართლობის არმქონე; ისრაელში მუშაობის ისტორიის არმქონე; არასდროს უცხოვრია ისრაელში უნებართვოდ; არ უნდა ჰყავდეს მშობლები, მეუღლე, შვილები, რომლებიც მუშაობენ ან ცხოვრობენ ისრაელში; კანდიდატმა უნდა განაცხადოს თანხმობა, რომ ისრაელში შესვლამდე გაიაროს „კოვიდ-19“-ის ტესტი საქართველოში; კანდიდატი თანახმა უნდა იყოს ისრაელში ჩასვლის შემდეგ „კოვიდ-19“-ის ვაქცინაციაზე, რომელიც აუცილებელია ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებაში სამუშაოდ ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს მოქმედი რეგულაციების შესაბამისად (აღნიშნული მოიცავს „კოვიდ-19“ ვაქცინაციის ორი დოზის ჩატარებას, სამი კვირის შუალედით).

სამუშაოს მაძიებლისთვის დასაქმებასთან დაკავშირებული მომსახურება სრულიად უფასოა. დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ან დაუკავშირდით ცხელ ხაზს – 1505“, – აღნიშნავენ სააგენტოში.

საქართველოს მოქალაქეების რეგისტრაცია დღეს დაიწყება და მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება.

banner
წინა სტატიაშიქარსაფარ ზოლში ხე-ბუჩქნარის გაჩეხა 1 000 ლარით დაჯარიმდება
შემდეგი სტატიაგიორგი ფხაკაძე – ჩინეთმა აღიარა, რომ მათი ვაქცინა არ არის ეფექტური