საქართველოს მოქალაქეები ისრაელში ლეგალურად დასაქმებას შეძლებენ

ისრაელის სახელმწიფოსა და საქართველოს მთავრობას შორის დადებული შეთანხმების თანახმად, საქართველოს მოქალაქეები ისრაელში დასაქმებას შეძლებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია ისრაელის ელჩს საქართველოში რან გიდორის შეხვდა.

მხარეებმა ისრაელში ლეგალურად დასაქმების საკითხზე დეტალურად ისაუბრეს.

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეების ისრაელში ლეგალურ დასაქმებაზე რეგისტრაცია 12 აპრილიდან იწყება და მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება. სამუშაოს მაძიებელი პირველად რეგისტრაციას ჯანდაცვის სპეციალურ სარეგისტრაციო პორტალზე გაივლის.

ისრაელის შრომის ბაზარზე, საქართველოს მოქალაქეებს დროებითი ლეგალური დასაქმება ერთი წლით შეეძლებათ. დასაქმება ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში დამხმარე მუშაკის პოზიციაზეა შესაძლებელი.

„დღეს პატივი მქონდა, შევხვედროდი მინისტრის მოადგილეს, ორმხრივი შეთანხმების განხორციელების ფაზაში გადასვლის მიზნით. ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა 1 000-მდე ქართველისთვის ჩამოვიდეს და იმუშაოს ისრაელში. აღნიშნული წარმოადგენს ისრაელში საქმიანობის შედარებით ახალ მიმართულებას და ჩვენ განსაკუთრებულად დიდი სიფრთხილით მივუდექით იმ საკითხს, თუ რომელი ქვეყნებისთვის, რომელი მთავრობებისთვის მიგვემართა. ამ ეტაპისთვის შერჩეულია მხოლოდ ორი ქვეყანა, მათ შორის ერთ-ერთი არის საქართველო“, – განაცხადა საქართველოში ისრაელის ელჩმა რან გიდორმა.

ელჩის თქმით, ისინი მაღალ შეფასებას აძლევენ იმ საკვალიფიკაციო და პროფესიონალურ მომზადებას, რომელსაც აღნიშნული სპეციალისტები საქართველოში გადიან.

„დღეს კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა, რათა საქართველოს მოქალაქეებს სხვადასხვა განვითარებულ ქვეყნებში ჰქონდეთ ლეგალურად მუშაობის შესაძლებლობა და საშუალება. ჩვენ ისრაელთან ხელმოწერილი ხელშეკრულების განხორციელებას ვიწყებთ ორშაბათიდან, რომლის ფარგლებშიც შინ მოვლის სპეციალისტებს ექნებათ საშუალება, ისრაელში დასაქმდნენ ერთი წლის განმავლობაში შესაბამისი ანაზღაურებით“, – აღნიშნა მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაიამ.

მისი თქმით, ეს არის მნიშვნელოვანი პროგრესი, რომ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებსაც აქვთ საზღვარგარეთ დასაქმების სურვილი, ჰქონდეთ შესაძლებლობა, ლეგალურად დასაქმდნენ, არ დარჩნენ არალეგალურად და მათი შრომითი უფლებები დაცული იყოს იმ ქვეყანაში, სადაც მუშაობენ.

banner
წინა სტატიაშიჯერ ადრეა ამაზე საუბარი, თვითმმართველობის არჩევნები შემოდგომაზეა
შემდეგი სტატიაკახი კალაძე 2021 წელს მერობის კანდიდატობაზე – ჯერ ადრეა ამაზე საუბარი