საქართველოს მიერ გერმანიისთვის დაბრუნებული მე-17 საუკუნის ფერწერული ტილო დრეზდენის გალერეაში განთავსდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გერმანული მხარის მიწვევით, დრეზდენის გალერეაში მე-17 საუკუნის იტალიელი ფერმწერის პიეტრო ფრანჩესკო ჩიტადინის ფერწერული ტილოს – „ნატურმორტი კურდღლით“ განთავსებას დაესწრო, რომელიც მამუკა ბახტაძემ გერმანიის ფედერალურ კანცლერ ანგელა მერკელს თბილისში ვიზიტისას გადასცა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, დრეზდენის გალერეის საკუთრებაში არსებული ტილო, რომელიც 1945 წლიდან დაკარგულად ითვლებოდა, საქართველოს მოქალაქის – კერძო კოლექციონერის პირად საკუთრებაში აღმოჩნდა, რის შემდეგაც მთავრობა ფერწერული ტილოს კანონიერი მეპატრონისთვის დაბრუნების საქმეში ჩაერთო.

„დღეს თქვენს ლამაზ და ისტორიულ მუზეუმს უბრუნდება პიეტრო ფრანჩესკო ჩიტადინის ცნობილი ნატურმორტი და ვფიქრობ, ეს არის ისტორიული სამართლიანობის აღდგენა. ჩვენ ეს ტილო სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინეთ ჩვენი მოქალაქის კერძო საკუთრებაში, რომელიც რამდენიმე ათწლეულის წინ ერთ-ერთმა საბჭოთა ოფიცერმა ჩამოიტანა. კერძო კოლექციონერმა გამოიჩინა კეთილი ნება, გადმოგვცა ეს ფერწერული ტილო და ქალბატონი კანცლერის საქართველოში ვიზიტისას ჩვენ ეს ნაბიჯი გადავდგით. აღნიშნული ნახატი მრავალი წლის განმავლობაში ამშვენებდა ქალაქ დრეზდენის სამუზეუმო სივრცეებს და დარწმუნებული ვარ, დღევანდელი დღის შემდეგ, ეს ტილო კიდევ მრავალი საუკუნის განმავლობაში განაგრძობს, იყოს თქვენი ქალაქის სავიზიტო ბარათი. ამავე დროს, დღევანდელი დღე ქართველ და გერმანელ ხალხს შორის ჩამოყალიბებული ისტორიული მეგობრობის კიდევ ერთი მაგალითია”, – განაცხადა განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ გერმანია განვითარების ყველა ეტაპზე მუდამ საქართველოს გვერდით დგას, იქნება ეს პოლიტიკის, თავდაცვის, ეკონომიკის, სამართლებრივი, კულტურის თუ განათლების სფეროები.

„მსურს, გერმანიის მთავრობას და გერმანელ ხალხს კიდევ ერთხელ გადავუხადო დიდი მადლობა ამ მხარდაჭერისთვის. საქართველო თავისი წარსულითა და კულტურით ევროპული ცივილიზაციის ნაწილია. დარწმუნებული ვართ, საქართველო აუცილებლად წარმატებით დაასრულებს ევროპასთან ინტეგრაციის გზაზე მყარი ნაბიჯებით სვლას და დაუბრუნდება თავის ისტორიულ ევროპულ ოჯახს. კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით მასპინძლობისთვის. დღევანდელი დღე არის ისტორიული სამართლიანობის აღდგენა და ყველას გილოცავთ”, – მიმართა პრემიერმა მუზეუმში შეკრებილ საზოგადოებას.

ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქსონიის მიწის პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად დაესწრო.

მათიას როსლერმა მამუკა ბახტაძეს წლების წინ დაკარგული ფერწერული ტილოს დაბრუნებისთვის მადლობა გადაუხადა და ეს ფაქტი ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების კიდევ ერთ მნიშვნელოვან დადასტურებად შეაფასა.

ცერემონიაზე ფერწერული ტილოს ისტორიაზე ისაუბრეს მუზეუმის ხელმძღვანელებმა და აღნიშნეს, რომ დრეზდენის მუზეუმიდან დაკარგულია 500-მდე ექსპონატი, რომელთაგან დღემდე მხოლოდ 56 დაბრუნდა.

ჩიტადინის ფერწერული ტილოს ნახვა დამთვალიერებელს მუზეუმის ძველი ოსტატების (Alte Meister) გალერეაში შეეძლება.

დრეზდენის მუზეუმიდან 1945 წელს დაკარგული ტილო მამუკა ბახტაძემ ანგელა მერკელს საქართველოში ვიზიტის დროს გადასცა.

banner
წინა სტატიაში“განხილვას მაინც ვერ გაექცევიან, მაგრამ დროში წელავენ” – გოგიჩაიშვილი ბესელია ინიციავაზე
შემდეგი სტატიასაპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის მთავარი სამმართველოს უფროსად იაგო ბოლოთაშვილი დაინიშნა