საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართ წამებასა და მისი ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენებასთან დაკავშირებით, უკრაინის გენერალურ პროკურატურაში სისხლის სამართლის რამდენიმე საქმე აღიძრა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართ წამებასა და მისი ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენებასთან დაკავშირებით, უკრაინის გენერალურ პროკურატურაში სისხლის სამართლის რამდენიმე საქმე აღიძრა. ინფორმაცია ჟურნალისტებს მიხეილ სააკაშვილის უკრაინელმა ადვოკატმა, ევგენი გრუშოვეცმა მიაწოდა, რომელმაც მესამე პრეზიდენტი ციხეში ცოტა ხნის წინ მოინახულა.

უფლებადამცველი დარწმუნებულია, რომ უკრაინის პროკურატურა ყველაფერს გააკეთებს, რათა მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობაში მონაწილე პირების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.

“უკრაინაში უკვე არის რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე აღძრული საქართველოს პენიტენციური სისტემის რამდენიმე წარმომადგენლის წინააღმდეგ. ეს ეხება წამებას და ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენებას. უფრო კონკრეტულად, არასწორ მკურნალობას. რადგან საქართველოს ხელისუფლებამ უკვე დაამტკიცა, რომ არ შეუძლია ამ ადამიანების პასუხისმგებლობის დაყენება და ამასთანავე, ინსპექტორის სამსახურიც გააუქმეს, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ უკრაინა დაადგენს ამ ადამიანების დანაშაულს. მათი სახელები და გვარები უკვე ცნობილია. […] კონკრეტული ინფორმაცია მივიღეთ იმის თაობაზე, თუ როგორ იქნა ის გადმოყვანილი 30-31 დეკემბერს ამ დაწესებულებაში. მიგვაჩნია, რომ მიდის სისტემური მუშაობა, რათა მას უფრო მეტი ზიანი მიადგეს”, – თქვა ევგენი გრუშოვეცმა.

მანვე აღნიშნა, რომ უკრაინელი და ექიმები და ექსპერტები, მზად არიან, საქართველოში ჩამოვიდნენ და დაადგინონ, კონკრეტულად რა სახის ზიანი მიაყენეს პენიტენციურ სისტემაში საქართველოს მესამე პრეზიდენტს.

მიხეილ სააკაშვილის კიდევ ერთი უკრაინელი ადვოკატის, ვლადისლავ გრიშენკოს თქმით, მესამე პრეზიდენტმა უკრაინის კანონმდებლობის შესაბამისად, მათ უკვე გადასცა განცხადება, რომლის მიხედვითაც, დაზარალებულად ცნობას ითხოვს.

მესამე პრეზიდენტს ამ წუთებში ადვოკატი გიორგი მშვენიერაძე ხვდება. დღის განმავლობაში მის მონახულებას დეპუტატი თამარ კორძაიაც აპირებს.

banner
წინა სტატიაშითამარ ბელქანიამ სოფელ ფახულანის საოკუპაციო ხაზთან და ფახულანის პირველ საჯარო სკოლაში სახელმწოფო დროშა აღმართა
შემდეგი სტატიადეკანოზი ილია ჭიღლაძე: 2021 წელს სავალდებულო მეორე სინოდის სხდომა არ ჩაატარა პატრიარქმა, რითაც დაარღვია საეკლესიო კანონები