საქართველოს მესამე პრეზიდენტი რუსთავის ციხიდან კიდევ ერთ მიმართვას ავრცელებს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი რუსთავის ციხიდან კიდევ ერთ მიმართვას ავრცელებს. ის მედიასთან ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ წაიკითხა.

მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერებს ერთდროულად ბევრ ქალაქში აქციების გამართვისკენ მოუწოდებს და მიმართავს მოქალაქეებს, შაბათს, თბილისში დაგეგმილ მასშტაბურ აქციას შეურთდნენ.

“ჩემი დაკვირვებითა და გამოცდილებით მინდა გითხრათ, რომ დღეს საზოგადოება ბევრად უფრო მზადაა ძირეული ცვლილებებისთვის, ვიდრე ვარდების რევოლუციის წინ. ბევრად უფრო წინ წასულია, ინფორმირებულია და რაც მთავარია ერთიანია ვიდრე მაშინ.

ჩვენმა საზოგადოებამ 30-ში უკვე მოახდინა საარჩევნო რევოლუცია. ახლა ამ საარჩევნო რევოლუციის განვითარებისა და რიგგარეშე არჩევნებში გადაზრდის დროა. მთლიანად მხარს ვუჭერ გამარჯვებული მერებისა და სხვა ლიდერებისგან შემდგარი კოალიციის პოზიციას, რომ ერთდროულად გაიმართოს აქციები ბევრ ადგილას.

ეს ეფუძნება სერბულ მაგალითს, ჯერ მილოშევიჩმა მიითვისა ადგილობრივი არჩევნები იუგოსლავიაში, მას შემდეგ რაც გაიმარჯვა ოპოზიციამ, ხოლო ოპოზიციამ და ოტბორმა ჯერ მოაწყვეს აქციები ბევრ ადგილას და შემდეგ წავიდნენ ბელგრადისაკენ.

რატომაა მნიშვნელოვანი აქციები ერთდროულად ბევრ ადგილას?! იმიტომ რომ ივანიშვილს ჰყავს ძალიან შეზღუდული რაოდენობის ბოლომდე ლოიალური საპოლიციო შენაერთები და მათ დაატარებს წინ და უკან. ამგვარად მოუხდება ძალების დაფანტვა და ვერ შეძლებს საქართველოს მოქალაქეების, ქართველი ხალხის კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვას. საჭიროა განსაკუთრებით ოდიოზურ ადგილობრივ მმართველებზე და მათ მიერ ჩადენილ უსამართლობებზე მუდმივი შეტევა და მხილება და რა თქმა უნდა, მთელი საქართველო უნდა დაიძრას თბილისში შემდეგ კვირას და როგორც კი თარიღი გამოცხადდება, ემიგრანტებმა უნდა აჩუქონ ის ერთი დღე საქართველოს, რომელზეც გუშინ მოგმართეთ.

მე მხარს ვუჭერ ოპოზიციის ლიდერების გეგმას, რომ ჩამოვიდეთ და არ დავიშალოთ, ასევე, გზა და გზა ცხადია იქნება ბევრი იმპროვიზაცია. ახლა მთავრია მრავალრიცხოვნობა და თქვენ, დიახაც რომ წარმოადგენთ და არჩევნებმა ეს დაადასტურა, ქართული საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობას. ჩვენ უნდა ვიყოთ მშვიდობიანი, მაგრამ ძალიან, ძალიან, მტკიცე და მობილური.

არ ვიცი ჩემი შიმშილობის რომელი დღე იქნება, მაგრამ მტრის ჯინაზე არ მოვკვდები და აუცილებლად დაგელოდებით, რათა მოვიპოვოთ და ვიზეიმოთ გამარჯვება, საქართველოს გამარჯვება. ასევე მივესალმები ელენე ხოშტარიას, დიახ ელენე, ნამდვილად არ დამვიწყნია, ან რა დამავიწყებს შენ სახელს, პარლამენტთან და ციხესთან სოლიდარობის, შიმშილობის მონაწილეებს. გავიგე, რომ ციხესთან მოშიმშილე 24 წლის გოგონა, ჩემი საყვარელი ნეკრესელი მეუფის, სერგის შვილიშვილი ყოფილა. მეუფე ახლახან წავიდა ამ ქვეყნიდან, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ იამაყებდა ნინოს სამოქალაქო გმირობით, რომელსაც და ყველა სხვა მოშიმშილესაც მინდა ვუთხრა და მოვუწოდო, მაქსიმალურად გაუფრთხილდნენ და იზრუნონ საკუთარ ჯანმრთელობაზე. ამ საქმისთვის ერთი მსხვერპლიც საკმარისია.

კიდევ ერთხელ მეგობრებო, შაბათის აქციებზე უნდა გამოვიდეთ ბევრნი და მრავალრიცხოვანნი. არ აქვს მნიშვნელობა პოლიტიკურ კუთვნილებას . აქციების მოთხოვნაა რიგგარეშე არჩევნები და ჩემი გათავისუფლება, მაგრამ არც ერთი ეს არ გახლავთ თვითმიზანი, არამედ არის საშუალება იმისთვის, რათა შევაჩეროთ ფასების უღმერთო ზრდა, ქართველების საქართველოდან მასიური გადინება, ქართველების საკუთარ ქვეყანაში უმცირესობაში აღმოჩენის პროცესი, კორუფცია, თქვენ ჯიბეებში მთავრობის მიერ ხელების ჩაყოფა, სიღატაკე და ერთხელ და სამუდამოდ ამოვიყვანოთ ჩვენი ქვეყანა ჭაობიდან…”, – წერს მიხეილ სააკაშვილი მიმართვაში.

banner
წინა სტატიაშირკინის გალია აჭარის მთავრობის სახლთან
შემდეგი სტატიაპენიტენციური სამსახური – სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო პენიტენციურ დაწესებულებაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი შევიდა