საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე დაგეგმილ წმინდა კრებაში მონაწილეობას არ მიიღებს

Wminda_sinodi-საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე დაგეგმილ წმინდა კრებაში მონაწილეობას არ მიიღებს. აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს, საპატრიარქოში გამართულ წმინდა სინოდის სხდომაზე მიიღეს.

წმინდა სინოდის სხდომას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე ხელმძღვანელობდა, რომელიც ჩეხეთიდან საქართველოში გუშინ დაბრუნდა.

ტრადიციულად, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდი წელიწადში ორჯერ იკრიბება და ეკლესიისთვის პრობლემატურ საკითხებს განიხილავს. წმინდა სინოდმა მართლმადიდებელთა მსოფლიო კრებისთვის მოსამზადებლად საკითხები 25 მაისის სხდომაზე უკვე განიხილა.

მართლმადიდებელი ეკლესიების წმინდა და დიდი კრება კუნძულ კრეტაზე 16-27 ივნისს უნდა გაიმართოს. კრების დღის წესრიგის შესათანხმებლად ჟენევაში (შამბეზში) 22-27 იანვარს მართლმადიდებელ ეკლესიათა მეთაურების შეხვედრა ჩატარდა.

მართლმადიდებელ ეკლესიათა წმინდა და დიდი კრებაზე იმსჯელებენ ისეთ საკითხებზე როგორიც არის: მართლმადიდებლური ეკლესიების ურთიერთობა სხვა არამართლმადიდებელ ეკლესიებთან, ქორწინების დამაბრკოლებელი მიზეზები, კერძოდ, შერეული ქორწინებები მართლმადიდებლებსა და არამართლმადიდებელს შორის, ქორწინება ნათესაური კავშირის შემთხვევაში და სხვა. ამ საკითხებთან დაკავშირებით მართლმადიდებელ ეკლესიებს არაერთგვაროვანი დამოკიდებულება აქვთ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკის ფილიალში ნიღბიანი პირი შეიჭრა
შემდეგი სტატიაერთი აშშ დოლარი ხვალ 2,1274 ლარი ეღირება