საქართველოს კონსტიტუციური ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა ქვეყნის მასშტაბით კვლავ გრძელდება.
კონსტიტუციური პროექტის განხილვა დღეს, 12:00 საათზე კასპში გაიმართება.
კასპის მსგავსად, საკონსტიტუციო ცვლილებებზე ოზურგეთშიც იმსჯელებენ. კერძოდ, დეპუტატები კონსტიტუციურ ცვლილებებს ოზურგეთში დღეს, 24 მაისს, 13:00 საათზე წარადგენენ.
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მიერ მომზადებული კონსტიტუციური ცვლილებების პროექტის განხილვა თვითმართველ ქალაქებში უკვე მოხდა, თუმცა თბილისში ჩაშლილი შეხვედრის შემდეგ, მმართველმა გუნდმა გადაწყვეტილება მიიღო, რომ ცვლილებების განხილვა კიდევ ათ ქალაქში მოხდეს. ასევე ათი შეხვედრა გაიმართება დედაქალაქშიც. მათ შორის პოლიტიკურ ჯგუფებთან.
მას შემდეგ, რაც კონსტიტუციური ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა დასრულდება, პროექტი განსახილველად პარლამენტს წარედგინება. საკანონმდებლო ორგანო ცვლილებების პირველი და მეორე მოსმენით განხილვას საგაზაფხულო სესიაზე გეგმავს, ხოლო დოკუმენტის მიღება სავარაუდოდ, საშემოდგომო სესიაზე – დეკემბერის ბოლომდე მოხდება.