საქართველოს კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ ვენეციის კომისიის დასკვნა გამოქვეყნდა

მმართველი გუნდის მიერ შემუშავებული კანონპროექტი შესაძლოა არაკონსტიტუციური იყოს

საქართველოს კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ ვენეციის კომისიის დასკვნა გამოქვეყნდა. კომისია შემოთავაზებულ რეფორმას დადებითად აფასებს.

„საქართველო კვლავაც რჩება საკმაოდ ცენტრალიზებულ სახელმწიფოდ, რომლის პარლამენტი უახლოეს მომავალში ერთპალატიანად დარჩება. საქართველოს აკლია დამოუკიდებელი სასამართლოს ხანგრძლივი ტრადიცია. მსგავს ვითარებაში პარლამენტში უმრავლესობის დომინირების რისკი არსებობს და მომავალში ყურადღება უნდა მიექცეს ძალთა ბალანსის გაძლიერებას, მაგალითად, მეორე პალატის შემოღებით და პარლამენტში ოპოზიციის როლის გაძლიერებით.

მოქმედი პროპორციულ/მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის შეცვლა პროპორციული სისტემით, უდავოდ, პოზიტიური ნაბიჯია, რომელიც პარლამენტში პლურალიზმის გაძლიერებას ემსახურება. თუმცა ეს დადებითი, წინგადადგმული ნაბიჯი იზღუდება სამი მექანიზმით: 5%-იანი საარჩევნო ბარიერის შენარჩუნებით; 5%-იანი ბარიერის მიღმა გადაუნაწილებელი ხმების გამარჯვებული პარტიისთვის მიკუთვნებით; საარჩევნო კოალიციების (პარტიული ბლოკების) გაუქმებით.

მიუხედავად იმისა, რომ 5%-იანი ბარიერი ევროპულ სტანდარტებს სრულად შეესაბამება და როგორც ასეთი, არ ექვემდებარება კრიტიკას, ეს სამი მექანიზმი მოქმედებს მცირე პარტიებისა და პლურალიზმის საზიანოდ და უფრო მეტად სამართლიანი წარმომადგენლობისა და საარჩევნო თანასწორობის პრინციპებისგან გადახვევას წარმოადგენს, ვიდრე სტაბილურობის უზრუნველსაყოფად საჭირო აუცილებლობას“, – ნათქვამია დასკვნაში.

ამ ფონზე ვენეციის კომისია რეკომენდაციას იძლევა, რომ გადაუნაწილებელი მანდატების განაწილების სხვა ალტერნატიული ვარიანტებიც იყოს მიღებული, როგორიცაა:

– პროპორციული გადანაწილება ყველა პოლიტიკურ პარტიაზე, რომელიც 5%-იან ბარიერს გადალახავს;
– ან ზედა ზღვრის დაწესება გამარჯვებული პარტიისთვის მისაკუთვნებელ გადაუნაწილებელ მანდატებზე;
– და/ან ბარიერის 2-3%-მდე შემცირება, რაც ასევე ეხება პროპორციული სისტემით დარჩენილი მანდატების გადანაწილებას.
პრეზიდენტის არაპირდაპირი გზით არჩევის წესის შემოღება, როგორც ასეთი, ევროპულ სტანდარტებს შეესაბამება. მისასალმებელია, რომ ახალი სისტემა არ იქნება გამოყენებული მომავალი წლის არჩევნებისას და მხოლოდ 2023 წლიდან ამოქმედდება. თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ მოქმედი სენატის არარსებობის პირობებში, საქართველოს საკონსტიტუციო სისტემაში საპარლამენტო უმრავლესობის მქონე ძლიერი მთავრობის მთავარი გამაწონასწორებელი პრეზიდენტია. შესაბამისად, უზრუნველყოფილი უნდა იყოს, რომ არაპირდაპირი არჩევის წესზე გადასვლამ არ შექმნას საფუძველი მუდმივად საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ექსკლუზიურად წარდგენილი კანდიდატის გამარჯვებისთვის. მისაღებია ზომები, რაც უკეთ უზრუნველყოფს პარლამენტში პლურალიზმს და, შესაბამისად, ძალთა ბალანსის სისტემა საჭიროა. ვენეციის კომისია კვლავ იმეორებს თავის რეკომენდაციას გადაუნაწილებელი მანდატების განაწილებასთან და/ან ბარიერის შემცირებასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, რეკომენდებულია პრეზიდენტის არჩევის პირველ ტურში კვალიფიციური უმრავლესობის მოთხოვნა.
რაც შეეხება ბიუჯეტს, ვენეციის კომისია კვლავ იძლევა რეკომენდაციას, რომ პარლამენტის როლი გაძლიერდეს. დებულება, რომლის თანახმადაც, სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში ნებისმიერი ცვლილება მოითხოვს მთავრობის თანხმობას, უნდა გადაიხედოს.

ფუნდამენტური უფლებების თავი:
– ცვლილებების პროექტის 30-ე მუხლი არც ერთ შემთხვევაში არ უნდა იყოს ინტერპრეტირებული, როგორც ერთსქესიანთა პარტნიორობის აკრძალვა;
– რეკომენდებულია, მკაფიოდ იყოს აღიარებული რელიგიის თავისუფლება ცვლილებების პროექტის მე-16 მუხლში; რეკომენდებულია რწმენისა და სინდისის თავისუფლების შეზღუდვის სხვა ლეგიტიმური მიზნების ჩართვა, როგორც მოცემულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-9 მუხლში და სამოქალაქო და პლიტიკური უფლებების საერთაშორისო კონვენციის მე-18 მუხლში;
-„პოლიტიკური პარტიის ტერიტორიული ნიშნით“ შექმნის აკრძალვა (კონსტიტუციის პროექტის 23 (3) მუხლი) ამოღებული უნდა იყოს;
-რეკომენდებულია, რომ ბავშვთა უფლებები ფორმულირებული იყოს ცალკე საკონსტიტუციო დებულებაში.

მართლმსაჯულების შესახებ თავი:
– მოსამართლეთა თანამდებობებზე ყოფნა უნდა გახანგრძლივდეს არაორაზროვანი ვადით; უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების პარლამენტის მიერ არჩევა უნდა ჩანაცვლდეს მათი დანიშვნით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ან პრეზიდენტის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით;
– პროკურორის პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულება სამართლებრივი დევნის თუ არდევნის ინდივიდუალურ შემთხვევებში ცალსახად უნდა გამოირიცხოს. თუ ანგარიშვალდებულება პროცედურებისგან გათავისუფლებას გამოიწვევს, გარანტირებული უნდა იყოს საქმეების სამართლიანი განხილვა;
– რეკომენდებულია, უზრუნველყოფილი იყოს საკონსტიტუციო სასამართლოს იმ მოსამართლეებისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ წევრების არჩევა კვალიფიციური უმრავლესობის მიერ, რომლებსაც პარლამენტი ირჩევს; ანალოგიურად, გენერალური პროკურორის არჩევისას;
– საკონსტიტუციო სასამართლოსთვის იმის აკრძალვა, რომ არაკონსტიტუციურად გამოაცხადოს სამართლებრივი ნორმები, რომლებიც საარჩევნო წლის განმავლობაში არჩევნებს არეგულირებს (თუ ეს ნორმა არ იქნა მიღებული შესაბამის არჩევნებამდე ერთი წლით ადრე), არაპროპორციულად ზღუდავს საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებას, განიხილოს არჩევნებთან დაკავშირებული კანონმდებლობის კონსტიტუციურობა.
სახალხო დამცველი:
-რეკონმენდებულია, უზრუნველყოფილი იყოს პარლამენტში კვალიფიციური უმრავლესობა სახალხო დამცველის დანიშნვისთვის.
-სახალხო დამცველის 5-წლიანი ვადით არჩევა ევროპულ სტანდარტებს შეესაბამება, თუმცა მისი უფრო ხანგრძლივი ვადით დანიშნვა შესაძლოა, უკეთესი იყოს დამოუკიდებლობის თვალსაზრისით.

banner
წინა სტატიაშივის უკრძალავს პოლიცია ვიდეო-მასალის გადაცემას(ვიდეო)
შემდეგი სტატია2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერი 3%-მდე დაიწევს