საქართველოს ყველა სკოლაში დეზინფექციის პროცესი მიმდინარეობს

საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილე, ეკა დგებუაძე განცხადებას აკეთებს სკოლების მასშტაბურ დეზინფექციაზე. მისივე თქმით, დეზინფექციის პროცესი, საქართველოს როგორც ყველა საჯარო სკოლაში, ასევე კერძო სკოლებში ჩატარდება.

მინისტრის მოაადგილე ასევე აღნიშნავს რომ განათლების სამინისტრო ჯანდაცვის სამინისტროსთან და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობს და ცენტრისგან რეკომენდაციებს იღებს.

„განათლების სამინისტრო ვთანამშრომლობთ ჯანდაცვის სამინისტროსთან და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან. ჩვენ ყოველდღიურად გვაქვს ინფორმაციის გაცვლა, რეკომენდაციებს ვიღებთ ცენტრიდან, გვაქვს რეკომენდაციების გარკვეული პაკეტი, ასევე განათლების მინისტრის ბრძანებით, შეიქმნა სარეკომენდაციო დოკუმენტი. დეზინფექციის პროცესი საქართველოს ყველა სკოლაში მიმდინარეობს. არსებობს გარკვეული ინსტრუქციები არამარტო დეზინფექციასთან დაკავშირებით, არამედ ყოველდღიურად, როგორ უნდა მოხდეს სკოლის დასუფთავება სველი წესით და ასევე განიავება.

არსებობს სკოლები, რომლებსაც აქვს ცენტრალური წყალგაყვანილობა და მილები, რომელიც აწვდის სკოლებს ცენტრალურ წყალს, არსებობს სკოლები, რომლებსაც არ გააჩნია ცენტრალური წყლის გაყვანილობა, არსებობს ინსტრუქციები, როგორ უნდა მოვუაროთ სკოლას, სადაც არ არის პირდაპირ წვდომა წყალთან. ყველანაირი ინსტრუქცია არსებობს. ის აღჭურვილობები, რომლებიც უნდა ჰქონდეს შეძენილი სკოლას, მოვლა-პატრონობის პროცესში რა ხსნარები უნდა იყოს გამოყენებული. ამ ეტაპისთვის ყველა სკოლაში მიდის სიღრმისეული დეზინფექციის პროცესი, ოღონდ სასწავლო პროცესი როცა განახლდება სკოლებში, უკვე ინსტრუქციებს მიყვებიან, რომლებიც დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა მოამზადა უშუალოდ სკოლებისთვის“, – აღნიშნა დგებუაძემ.

შეგახსნებთ, რომ კორონავირუსის გამო, სკოლებსა და საბავშვო ბაღებში დღეიდან საგაზაფხულო არდადეგები დაიწყო. არდადეგები 16 მარტამდე გაგრძელდება.

banner
წინა სტატიაშიმურთაზ ხურცილავა ისრაელში
შემდეგი სტატიაშეირაღებული თავდასხმა “ლიბერთი ბანკზე” – ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ