საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია

“საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია. ძებნილი ექსპრეზიდენტი გლდანი-ნაძალადევის ტერიტორიაზე დააკავეს”- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, სამართალდამცველებმა უმაღლეს დონეზე ჩაატარეს ძებნილი მიხეილ სააკაშვილის დაკავების ღონისძიება.

პრემიერმა შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს, ასევე ყველა იმ თანამშრომელს, რომელიც ამ ღონისძიებაში იყო ჩართული, მადლობა გადაუხადა.

„საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია და იგი გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში. ჩვენმა სამართალდამცველებმა უმაღლეს დონეზე ჩაატარეს ძებნილი მიხეილ სააკაშვილის დაკავების ღონისძიება. ჩვენს სამართალდამცავ უწყებებს წინასწარ ჰქონდათ ინფორმაცია მისი გადაადგილების შესახებ, დაწყებული უკრაინიდან, საქართველოს მიმართულებით და ეს პროცესი იყო სრული კონტროლის ქვეშ. მიმდინარეობდა შესაბამისი ღონისძიებები, უწყებები კოორდინირებულად მუშაობდნენ და შეირჩა ისეთი დრო და ადგილი, რომ დაკავებისთვის მინიმალური ხელისშემშლელი ფაქტორები ყოფილიყო. მე მინდა მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა მინისტრს ბატონ ვახტანგ გომელაურს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, ბატონ გრიგოლ ლილუაშვილს და ყველა იმ თანამშრომელს, რომელიც ამ მართლაც უპრეცედენტო ღონისძიებაში იყო ჩართული“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

“დღეს არის პირველი ოქტომბერი და ბიძინაობა, არ მქონია დღეს საშუალება, ჩვენი პარტიისთვის მომელოცა პირველი ოქტომბერი და გამარჯვება, 9 წელი გავიდა იმ გამარჯვებიდან, რომელიც ჩვენმა დამფუძნებელმა ქართელ ხალხთან ერთად მოიტანა.

ვულოცავ ბიძინა ივანიშვილს და ქართველ ხალხს ვუსურვებ მშვიდობას და ჩვენთან ერთად სტაბილურ განვითარებას”-განაცხადა ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიცესკოს თავმჯდომარის შემაჯამებელი საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი: დღეს არის 1-ლი ოქტომბერი და ბიძინაობა