“საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები მოისმენენ ჩვენს მადლობებს, თუ რამდენს აკეთებს საქართველო”

ქართველ ხალხს სამძიმარს უცხადებს ჯეიმს აპატურაი

საქართველოს თავდაცვის მინისტრთან, როგორც ყოველთვის, შესანიშნავი შეხვედრა მქონდა, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილის თანაშემწემ პოლიტიკურ საკითხებსა და უსაფრთხოების პოლიტიკაში ჯეიმს აპატურაიმ ბრატისლავაში მიმდინარე გლობალური უსაფრთხოების ფორუმის პირველ დღეს, თინათინ ხიდაშელთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თინათინ ხიდაშელმა და ჯეიმს აპატურაიმ სამუშაო შეხვედრაზე პუნქტობრივად განიხილეს ის დოკუმენტი, რომელიც თავდაცვის მინისტრმა ბრიუსელში, თებერვალში გამართულ ნატოს თავდაცვის მინისტერიალზე წარადგინა.

თინათინ ხიდაშელის თქმით, ეს მნიშვნელოვანია იმ წინადადებების რეალიზებისათვის, რომლებიც საქართველომ ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსს შესთავაზა. მისივე განმარტებით, დღეს დაიწყეს შეხვედრები ნატოს ხელმძღვანელობასთან.

“დღეს უკვე პირველი შეხვედრა ჯეიმს აპატურაისთან გავმართეთ, სადაც ვარშავის სამიტისთვის ჩვენს მიერ წარდგენილ დოკუმენტზე ვისაუბრეთ. გვექნება შეხვედრა ასევე ნატო-ს გენერალური მდივნის მოდგილე ბატონ ალექსანდრ ვერშბოუსთან და კიდევ ერთ მოადგილესთან, რომელიც საზოგადოებასთან ურთიერთობებს და სტრატეგიულ კომუნიკაციებს კურირებს. დღეს ერთგვარი ნატოს დღე გვაქვს გლობალური უსაფრთხოების ფარგლებში, სადაც შესაძლებლობა ჩნდება, რომ მშვიდ, მუშა მდგომარეობაში დეტალურად განვიხილოთ ის სამოქმედო გეგმა, რომლითაც საქართველო წარდგება ვარშავაში და ის მოლოდინები, რასაც ვარშავიდან ჩვენ ყველანი ერთად ველოდებით”, – განაცხადა ხიდაშელმა.

თავის მხრივ, როგორც აპატურაიმ აღნიშნა, შეხვედრაზე გაიარეს ნატო-საქართველოს თანამშრომლობასთან და პოლიტიკურ შეხვედრებთან დაკავშირებული ყველა საკითხი.

”უკვე გვქონდა რამდენიმე მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრა და იმედია მსგავსი შეხვედრები ვარშავის სამიტის ფარგლებშიც შედგება. ძირითადად, საუბარი შეეხო არსებითი პაკეტის პრაქტიკულ განხორციელებას, რომელიც ძალიან კარგად მიმდინარეობს – საწვრთნელი ცენტრი უკვე ფუნქციონირებს.
ვმუშაობთ თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის თემაზე. უკვე გვქონდა ერთი სწავლება და კიდევ ვგეგმავთ სხვა ტრენინგებსაც, რომელიც საქართველოში პარტნიორებისთვის ჩატარდება. ყველაფერი კარგად მიდის. ჩვენ გვექნება სამიტი და შეხვედრა „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შესახებ, სადაც ავღანეთის მისიის განხილვა სახელმწიფოს მეთაურების დონეზე მოხდება. რა თქმა უნდა, იქ საქართველოც იქნება წარმოდგენილი და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები მოისმენენ ჩვენს მადლობებს, თუ რამდენს აკეთებს საქართველო, რომელიც მისიაში მეორე კონტრიბუტორი ქვეყანაა. ნამდვილად კარგი შეფასებები გაკეთდება. გასაკეთებელი კიდევ ბევრი გვაქვს, განსაკუთრებით კი ნატოს მხრიდან, რათა ალიანსი უფრო მეტად იყოს წარმოდგენილი საქართველოში. ჩემი საქმეა, დაგეხმაროთ, იყოთ კმაყოფილები და მე ამას აუცილებლად გავაკეთებ“,- განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.

banner
წინა სტატიაში“ისეთი მთავრობის შენარჩუნებას უწყობთ ხელს, რომელიც ლეღვის ფოთოლივით არის ამოფარებული იმ უხამსობაზე რაც ხდება ქვეყანაში”
შემდეგი სტატიაპრემიერის და ჟურნალისტების შეხვედრა დაიწყო