საქართველოს ხელისუფლება უცხოეთში მყოფი მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების პროცესს განაგრძობს, დღეს გეგმიური რეისის ფარგლებში შესრულდება თელ-ავივი-თბილისის რეისი

დღეს, 18 აპრილს განხორციელდება საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული განრიგიდან მორიგი რეისი თბილისი-თელ-ავივი-თბილისის მიმართულებით.

მგზავრთა შორის არიან საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქეები, სტუდენტები, სხვადასხვა ქრონიკული და მიმდინარე დაავადებების მქონე პირები, ასევე, ტრანზიტული მგზავრები აშშ-დან.

აღსანიშნავია, რომ ამ რეისით, ისრაელში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, მოხდება წმინდა ცეცხლის ჩამოტანა იერუსალიმიდან საქართველოში. საქართველოს ელჩი წმინდა ცეცხლს უშუალოდ გადასცემს საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებს, რომლებიც თვითმფრინავს თბილისიდან გაჰყვებიან.

საკოორდინაციო საბჭოსთან განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, სამშობლოში უკვე შესრულდა რეისები ევროპის სხვადასხვა ქალაქებიდან, მათ შორის ვარშავადან, ბერლინიდან, ვენიდან, ლონდონიდან, ათენიდან, აშშ-დან, ლარნაკადან, ამსტერდამიდან, პეკინიდან, რომიდან, პარიზიდან და ა.შ., რომლებითაც სამშობლოში დაბრუნდნენ როგორც ამ ქალაქებში მყოფი თანამემამულეები, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მყოფი ქართველები.

18 აპრილის მონაცემებით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს 7353 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში – მთავრობის ხელშეწყობით – ორგანიზებულად დაბრუნდა 6435 მოქალაქე. COVID-19-ის გავრცელების პირობებში უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარების შესახებ ყოველდღიურად განახლებად ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ ვებ-გვერდზე აქვეყნებს.

შეგახსენებთ, უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი და ორგანიზებული დაბრუნების მიზნით, საკოორდინაციო საბჭოს დავალებით, ევროპიდან საქართველოს მიმართულებით რეისებს კომპანია “Georgian Airways” ახორციელებს. საბჭოსვე მითითებით, ყველა ასეთ რეისზე ბილეთის ფასი არის 199 ევრო.

აღნიშნული რეისები განხორციელდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წესის სრული დაცვით და ყველა მგზავრი, რომელიც ჩამოვა საქართველოში, გაივლის 14 დღიან სავალდებულო კარანტინს

banner
წინა სტატიაშინუ გამოცდით უფალს, ნუ დაიწყებთ სასწაულის ძიებას, ნუ გახდებით შაბათის მსახურნი
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსი 385 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 84 უკვე გამოჯანმრთელდა