საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მთელი საზოგადოება მოატყუა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მთელი საზოგადოება მოატყუა და შეეცადა პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას, – ამის შესახებ დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმამ, თორნიკე მამალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

თორნიკე მამალაძე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, შობის დღესასწაულზე შეწყალებულთა სიაში დეკანოზი გიორგი მამალაძე ვერ მოხვდა.

„რაც სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რა თქმა უნდა, დამოუკიდებელი გადაწყვეტილება არ არის. მე მაქვს ინფორმაცია, რომ თავად კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ პირად საუბრებში სალომე ზურაბიშვილს უარი უთხრა. წმინდა სინოდის გადაწყვეტილება და შუამდგომლობის გაგზავნა იყო ფარსი კათოლიკოს-პატრიარქისგან, რადგანაც თავად პატრიარქმა წმინდა სინოდის წევრებიც კი მოატყუა, თავს ლაფი დაასხა. მან მოატყუა მთელი საზოგადოება. მათ დადგეს სპექტაკლი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს კათოლიკოს- პატრიარქმა, პრეზიდენტმა. ძალიან კარგად გამოუვიდათ ეს, რადგანაც კარგი მსახიობები არიან“, – განაცხადა თორნიკე მამალაძემ.

მისივე თქმით, დღეს პატრიარქს მსჯავრდებული გიორგი მამალაძის ეშინია.

„ჩემი ძმა რომ რჩება საპატიმროში, არის არა სინოდის რომელიმე წევრის, არამედ თავად კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს გადაწყვეტილება. პატრიარქი არის შეშინებული. მას ეშინია ჩემი ძმის, რადგანაც მას აქვს დანაშაულები პირადად ჩემი ძმის მიმართ. მან იცოდა, რომ ჩემი ძმა აპირებდა წმინდა სინოდზე, თუ ღია ეთერებში ამ თემებზე საუბარს, ამიტომაც პატრიარქი დღეს შეშინებულია და დატოვა პარალიზებული ადამიანი საპყრობილეში“, – განაცხადა თორნიკე მამალაძემ.

თორნიკე მამალაძის თქმით, დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახი გააგრძელებს სამართლებრივ ბრძოლას.

„გავაგრძელებთ სამართლებრივად ბრძოლას. ეს არ იქნება ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა, როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, არამედ პიროვნებების წინააღმდეგ, რომლებიც ეკლესიის სათავეში არიან. კათოლიკოს-პატრიარქი მტერია სიმართლის. ჩუმად ყოფნას აღარ ვაპირებთ. კათოლიკოს-პატრიარქი დაუპირისპირდა ჩემს ოჯახს. მან გვითხრა, რომ ჩემი ძმა ციხიდან ცოცხალი ვეღარ გამოვა. მექნება შეხვედრა ჩემს ძმასთან, თუ რა წერილების გასაჯაროებას ვაპირებთ. ყველაფერს მოვფენ ნათელს. დაე, მოხდეს ის, რისიც ეშინოდათ კათოლიკოს-პატრიარქს და სინოდის წევრებს. მოვფენთ ნათელს, თუ ვინ არის კათოლიკოს-პატრიარქი, რა სამართლებრივი და სულიერი ცოდვები აქვს ჩადენილი“, – განაცხადა თორნიკე მამალაძემ.

banner
წინა სტატიაშიეს იყო უსჯულო გადაწყვეტილება, მაგრამ ეს არ იყო პრეზიდენტის პირადი გადაწყვეტილება – მეუფე პეტრე
შემდეგი სტატიანიკა მელია: უხერხულია, როცა საპატრიარქოც თხემით ტერფამდე ტყუილებში ჩაეფლო